თარგამაძე: ილოცოს ივანიშვილმა იმ ადამიანების სულებისთვის, რომლებიც მისი ბიზნესის ირგვლივ ამოიხოცნენ თარგამაძე: ილოცოს ივანიშვილმა იმ ადამიანების სულებისთვის, რომლებიც მისი ბიზნესის ირგვლივ ამოიხოცნენ />


  17:56:20     27-05-2013

თარგამაძე: ილოცოს ივანიშვილმა იმ ადამიანების სულებისთვის, რომლებიც მისი ბიზნესის ირგვლივ ამოიხოცნენ

a24823.jpg

„ახალი ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების დევნას ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან შეუდგა. ვანო მერაბიშვილის დაკავებაც ამ რეპრესიების გაგრძელებაა.

მათ, წინასაარჩევნოდ, მთავარი ოპონენტი ჩამოიშორეს. როგორც ჩანს, სასამართლომ პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან შეტევას ვერ გაუძლო. მან დათმო თავისი პოზიციები და სამართლიანობა“, - აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი თარგამაძემ „პრესა.ჯი“-სთან ინტერვიუსას გააკეთა. 

„პრესა.ჯი“ საპარლამენტო უმცირესობის წევრს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე ესაუბრა.

„პრესა.ჯი“: როგორ აფასებთ პოლიციის მაღალჩინოსნების დაკავებას? შს მინისტრი მათ თავისი სიმამრისთვის იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს... 

გივი თარგამაძე: დიდი სირცხვილია, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი, თავისი სიმამრის ანგარიშსწორების ჟინის დაკმაყოფილებითაა დაკავებული. ღარიბაშვილის მიერ დაკავებული პოლიციელები არიან ადამიანები, რომლებიც დანაშაულებრივ სამყაროსთან, ქურდულ სამყაროსთან ბრძოლით გამოირჩეოდნენ. ეს არის კრიმინალის მიერ წესრიგის დამცველთა გასამართლება. პროცესებს, რომელიც ქვეყანაში ხდება, სამართლიანობის აღდგენასთან არავითარი შეხება არ აქვს. 

თუ სამართლიანობის აღდგენა უნდა ივანიშვილს, ის თანხა, რომელიც მან ბოლო წლებში დააგროვა, გადასცეს კვანტრიშვილის ოჯახს, ვინაიდან სწორედ მისი წყალობით აქვს ეს ყველაფერი მოხვეჭილი (ოთარ კვანტრიშვილი - კრიმინალური ავტორიტეტი, ბიზნესმენი, რომელიც რუსეთში მოკლეს - „პრესა.ჯი“). 

თუ სამართლიანობის აღდგენა უნდა ივანიშვილს, დატოვოს სოლოლაკის სასახელე და წავიდეს ჭორვილაში. ილოცოს ივანიშვილმა იმ ადამიანების სულებისთვის, რომლებიც მისი ბიზნესის ირგვლივ ამოიხოცნენ. 

- „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას პროგნოზირებენ. ისინი, დასაჭერეთა კანდიდატებად გიგი უგულავას, დიმიტრი შაშკინს და გიორგი ღვინიაშვილს განიხილავენ, როგორ ფიქრობთ, გაგრძელდება პოლიტიკური რეპრესიები? 

- დღევანდელი ხელისუფლების ქმედებას წინასწარ ვერ განსაზღვრავ. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. საკითხი დგას ასე: მათ უნდა გააკეთონ არჩევანი - გააგრძელებენ პოლიტიკურ დაჭერებს ქვეყნის ინტერესების ხარჯზე თუ ანგარიშს გაუწევენ მოსახლეობის ინტერესს, რომ ქვეყანა ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანდეს და შეაჩერებენ ნეგატიურ შიდა რეპრესიებს. 

საფრთხე ვილნიუსის სამიტის მოახლოვებამდე უკვე არსებობს. ხელისუფლებას ამ არჩევანის გაკეთება ძალიან მკვეთრად მოუწევს. თუ ივანიშვილი არჩევანს რეპრესიებზე გააკეთებს, ამ შემთხვევაში, საკუთარ არჩევანს, ქართველი ხალხი გააკეთებს. 

- რუსმა ოკუპანტებმა, შიდა ქართლში, 300 მეტრით გადმოიწიეს...

- კარალეთში 300 სპეცრაზმელი გაათავისუფლეს, ვინც დარჩა ფორმას არ აძლევენ და შტატს ამცირებენ. დღეს  შიდა ქართლში, რუსმა ოკუპანტებმა, ოკუპირებული საზღვრიდან 300 მეტრით მართლაც გადმოიწიეს. ამ პირობებში, პროფესიონალებს, რომლებმაც კარგად იციან როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს სიტუაციაში, არ გაუკვირდეთ რომ მალე, ეს მავთულხლართები თბილისშიც ვიხილოთ. 

- თქვენ, პრემიერს რომანოვების სასახლის მითვისებაში ადანაშაულებთ...

- როდესაც ხდებოდა შესაბამისი სააგენტოდან ამ ქონების ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა, აღმოჩნდა, რომ შენობაში, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაა, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი და ახლა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამხარეო უფროსი, რევაზ მუმლაძე მეუღლესთან ერთად  იმყოფებოდნენ.

ეკონომიკის სამინისტრო კი ამ ფაქტს დღემდე ვერ ხსნის. მუმლაძესთან ერთად რომანოვების სასახლეში იყო გიორგი საღინაშვილიც, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, იმ ფირმის დირექტორიოა, რომელიც სასახლის მეიჯარე უნდა გახდეს. 

ეს ადამიანი წარსულში ორჯერაა ნასამართლევი. სწორედ ამ პირებს 49 წლიანი იჯარით უნდა გადაეცეთ რომანოვების სასახლე. ეს კი პირდაპირ არის ბიძინა ივანიშვილის სურვილის განხორციელება. მას მოსწონს მეფის სასახლე, თვითონაც ხომ თვლის თავს საქართველოს მეფედ? მისი სურვილია ამ ობიექტს დაეპატრონოს.

ბუნებრივია, ყველა ხვდება, რომ ბაკურიანის კურორტის დაცვის უფროსს ივანიშვილი ამ ქონებას არ აჩუქებს. ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილი ამ სასახლის ჩუქებას რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის აპირებს. 

აუცილებლად დავამტკიცებ, რომ ეს ადამიანი საქართველოში დაკავებულია მხოლოდ ფულის კეთებით. მისი ქველმოქმედება იყო მთლიანად ტყუილი. ივანიშვილმა საქართველოში ბევრად მეტი ქონება მოიპოვა, ვიდრე დახარჯა. ეხლა კი ცდილობს ის დანახარჯი აინაზღაუროს და შემოსავალი გაისამმაგოს. ის უდგება ქვეყანას, როგორც დიდ დახლს...

- დაუზუსტებელი ინფორმაციით, პრემიერმა ფიროსმანის ნახატების დედნების ნაწილი სოლოლაკის სასახლეში გადაიტანა...

- ამ აინფორმაციას აუცილებლად გადავამოწმებთ, რდგან არაფერია გამორიცხული.

0

ავტორი: