15:26:19     27-05-2013
ღვინიაშვილი: 10 თვის ბარბარე ამ ხელისუფლებამ მოკლა და მე დამაბრალა
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ღვინიაშვილი „პრესა.ჯი“-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ხელისუფლებას არჩევნების წინა დღეს გარდაცვლილი 10 თვის ბარბარე რაფალიანცის განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს.
„პრესა.ჯი“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, მისი შესაძლო დაკავების თემის კომენტირებისთვის დაუკავშირდა.
გიორგი ღვიინიაშვილი: ის ადამიანი, ვინც პირდაპირ მამხელდა საშინელ დანაშაულში დღეს მინისტრის მოადგილეა. ამ ხელისუფლებას რაფალიანცის საქმის გამოძიება არანაირად არ აწყობს, რადგან ეს ყველაფერი სწორედ მისი დადგმულია.
იმ დღეს ირაკლი ალასანია ზუგდიდში იყო და ღამის ორ საათზე გურჯაანში აღმოჩნდა. ეს იყო ამ ხელისუფლების დაგეგმილი დანაშაული. 10 თვის ბარბარე ამ ხელისუფლებამ მოკლა და მე დამაბრალა. თუ არ მოკლა გამოიძიონ ეს საქმე.
„პრესა.ჯი“ : ბატონო გიორგი პრესაში გაჩნდა მოსაზრება, რომ უახლოეს დღეებში შეიძლება დაგაკავონ, საუბარია თბილისის მერ გიგი უგულავაზეც...
- ამ ხელისუფლების ქმედებაზე ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. ესენი არიან ხელისუფლებაში მოსული პირადი ანგარიშსწორებისთვის. ამიტომ არაფერს არ გამოვრიცხავ“.
შეგახსენებთ, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმე, პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი ამჟამინდელ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. მან აღნიშნულ საქმეზე ბოლო კომენტარი 22 იანვარს გააკეთა და განაცხადა, რომ მკვლელობაში ახალი დეტალები გამოიკვეთა, თუმცა მას შემდეგ ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.
ბარბარე რაფალიანცი 30 სექტემბერს, არჩევნების წინა საღამოს გაუჩინარდა. პატარას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ეძებდნენ, შემდეგ კი საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით გოგონას გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.
ქვევრში პატარა ბარბარეს ცხედარის პოვნისა და მისი გარდაცვალების დაფიქსრებისთანავე, მომხდარს პოლიტიკური სარჩული დაედო. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა, „მე-9 არხის“ ეთერში ურცხვად განაცხადა, რომ ჩვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორატარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ღვინიაშვილის დავალებით მოკლეს.
აღნიშნული ბრალდება კულტურის მინისტრის ამჟამინდელ მაღალჩინოსანს ამ დრომდე არ დაუსაბუთებია. მას არც ბოდიში მოუხდია ცილისწამებისა და ცრუპენტელობისთვის. მეტიც, სამართალდამცავებს, ბერიკაშვილი არც კი დაუკითხავთ.
„პრესა.ჯი“ რაფალიანცის საქმის გამოძიების მიმდინარეობის საკითხით დღესაც დაინტერესდა. „გამოძიება ისევ მიმდინარეობს“ - ასეთია შს პასუხი შემზარავი ტრაგედიიდან 8 თვის თავზე.
0