ჩაფიძე საქმის კურსში არ არის, ხმალაძეს არ სცალია, ბიძინა დუმს ჩაფიძე საქმის კურსში არ არის, ხმალაძეს არ სცალია, ბიძინა დუმს />


  16:06:43     24-05-2013

ჩაფიძე საქმის კურსში არ არის, ხმალაძეს არ სცალია, ბიძინა დუმს

a24808.jpg

„პრესა.ჯი“-ს მიერ გუშინ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობას ეხებოდა, საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა. 

„პრესა.ჯი“ კიდევ ერთხელ ეცადა გაერკვია - რატომ აღარ არის აქტუალური, პრემიერისთვის, საქართველოს მოქალაქეობის მიღება.  

„ქართული ოცნების“ წევრებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს უარს ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე. 

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, მეოცნებე ვახტანგ ხმალაძე ჩვენ მიერ დასმულ კითხვას უპასუხოდ ტოვებს. ხმალაძე, რომელიც საჯარო გამოსვლისას ყოველთვის ცდილობს, თავისი კომენტარებით როგორმე ასიამოვნოს ოლიგარქს,  კითხვამ - რატომ ამბობს ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს, დააბნია.

ვახტანგ ხმალაძე: „დღეს არ მეცლება, ორი სიტყვით ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ“ - გვითხრა მან. როგორც ჩანს, ბატონი დეპუტატი ჯერ კარგად უნდა მოემზადოს ასეთ „ჩამჭრელ“ კითხვას რომ უპასუხოს -  ხომ შეიძლება „იმას“ არ მოეწონოს ბატონი ვახტანგის პასუხი?

დავუკავშირდით ექს-ჟურნალისტ ელისო ჩაფიძეს, რომელიც ივანიშვილის კეთილგანწყობის წყალობით მოხვდა საკანონმდებლო ორგანოში, დეპუტატი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა სთხოვოს პრემიერმა, პრეზიდენტ სააკაშვილს, მოქალაქეობის აღდგენა. 

ელისო ჩაფიძე: „ამ საკითხზე კოალიციაში არ გვისაუბრია. არ ვარ საქმის კურსში. მოქალაქეობის მიღება დაკავშირებულია მთელ რიგ იურიდიულ პროცედურებთან.

პრემიერმა ჯერ უარი უნდა თქვას, საფრანგეთის მოქალაქეობაზე. ამ პროცედურას 2-3 თვე სჭირდება და ცოტა უხერხული ხომ არ იქნება ამ დროის განმავლობაში პრემიერს მოქალაქეობა საერთოდ არ ჰქონდეს? 

რომც მიმართოს პრეზიდენტს, თქვენ რა გგონიათ, დააკმაყოფილებს ივანიშვილის მოთხოვნას პრეზიდენტი? სააკაშვილი შეიცვალა? მე თუ მკითხავთ, ამ საკითხის წამოჭრა მორიგი პოლიტიკური ინტრიგა და სპეკულაციაა“. 

„პრესა.ჯი“:  ცდილობს თუ არა, პრემიერი, საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარის თქმით, მომავალში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესის გართულებას?

ელისო ჩაფიძე: „ბიძინა ივანიშვილი არსად წასვლას არ აპირებს, ვიდრე მოქალაქეებს ყველა დაპირებას არ შეუსრულებს. ეს კითხვა ინტრიგნობაა.

თქვენი ჟურნალისტი ხართ და შეგიძლიათ გამოთქვათ ვარაუდი. თუმცა, ჩემი პასუხია, რომ ივანიშვილი არასად წასვლას არ აპირებს“.

„პრესა.ჯი“ ივანიშვილის მოქალაქეობის ირგვლივ პრემიერ-მინისტრის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელ კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებას დილიდან ცდილობდა, თუმცა, მანაც თავი აარიდა ჩვენს კითხვებს. 

რაც შეეხება პრემიერის პრესცენტრის ხელმძღვანელს, ნონა ყანდიაშვილს, როგორც აღმოჩნდა, კითხვაზე - რატომ არ იღებს პრემიერი საქართველოს მოქალაქეობას, არც დღეს აქვს  პასუხი.

ნონა ყანდიაშვილი: „ეს კითხვა იურისტებს დაუსვით, მე ვერ გაგცემთ პასუხს“.

„პრესა.ჯი“ ეცადა გაიგო მეოცნებე დეპუტატის, იურისტ კობა დავითაშვილის პოზიცია იმის შესახებ, თუ რატომ არ აიღო ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ისიც, ისევე როგორც მისი სხვა მეოცნებე კოლეგები, ამ თემაზე საუბარს გაურბის...

„პრემიერის ფსიქიკა ორიენტირებულია გაქცევაზე. ამიტომაც არ აიღო მან საქართველოს მოქალაქეობა“ -  აცხადებს თბილისის არჩეული მერი, გიგი უგულავა.

0

ავტორი: