„ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს ამბობს“ „ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს ამბობს“ />


  20:12:19     23-05-2013

„ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს ამბობს“

a24801.jpg

საქართველოს ისევ საფრანგეთის მოქალაქე პრემირი ჰყავს. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი მოქალაქეობაც კი პოლიტიკურ იარაღად გამოიყენა. ყველას ახსოვას საპარლამენტო არჩევნების წინ ყბადაღებული თემა, რომელიც ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას გულისხმობდა.

მაშინ ივანიშვილი გულისტკივილით საუბრობდა იმის შესახებ თუ როგორ ცდილობს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას, მაგრამ არ გამოსდის... 

ჩატარდა არჩევნები, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილი ისევ საფრანგეთის მოქალაქეა. სურვილის შემთხვევაში, მას შეუძლია გახდეს საქართველოს მოქალაქე, თუმცა, პრემიერი უარს ამბობს...

„პრესა.ჯი“ დაინტერესდა, რატომ არ აიღო პრემიერმა საქართველოს მოქალაქეობა?

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა მოქალაქეობის საკითხი წინასაარჩევნო კამპანიად გამოიყენა. 

დავით დარჩიაშვილი: „ივანიშვილმა მისი მოქალაქეობის საკითხი წინასაარჩევნოდ ხმების მისაღებად გამოიყენა. ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს ამბობს. 

რა თქმა უნდა, მისთვის უფრო იოლია, იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რათა სამომავლოდ, ბევრ სამართლებრივ მხარეს აარიდოს თავი. თუ მისი მოქალაქეობა არ იყო პოლიტიკური თამაში, მოვუწოდებ დაუყოვნებლივ აიღოს საქართველოს მოქალაქეობა“. 

„პრესა.ჯი“ უმრავლესობასაც დაუკავშირდა. კოალიციის წევრმა ანი მიროტაძემ არ იცის თუ რატომ არ აქვს ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა. თუმცა, კანონმდებლობაში გარკვევის პირობას დებს. მიროტაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე კითხვა მისთვის ამ დრომდე არავის დაუსვამს...    

ანი მიროტაძე: „მე მართლა არ ვიცი ეს საკითხი კონსტიტუციაში როგორ არის განსაზღვრული. უნდა გადავამოწმო, არ ვიცი სამართლებრივად რა როგორ ხდება და უნდა ჩავიხედო კონსტიტუციაში. თუ ივანიშვილი როგორც საფრანგეთის მოქალაქე ისე არის არჩეული პრემიერ-მინისტრად, მაშინ, შესაძლოა, რაიმე შეუსაბამობა იყოს“.

„პრესა.ჯი“ ივანიშვილის პრესსამსახურისგანაც შეეცადა გაეგო პასუხი კითხვაზე - რატომ არ იღებს მოქალაქეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 

ივანიშვილის პრესსამსახურის უფროსმა, ნონა ყანდიაშვილმა საკითხის გასარკვევად  დრო ითხოვა. „დამირეკეთ ნახევარ საათში“, - გვითხრა მან.  თუმცა, როცა ნახევარი საათის შემდეგ დავურეკეთ, ყანდიაშვილმა თათბირზე ყოფნა მოიმიზეზა და ჩვენი უწყინარი კითხვა უპასუხოდ დატოვა. 

სამაგიეროდ, იმას, თუ რატომ ამბობს ივანიშვილი უარს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე, თბილისის არჩეული მერი, გიგი უგულავა განმარტავს. „პრემიერის ფსიქიკა ორიენტირებულია გაქცევაზე. ამიტომაც არ აიღო მან საქართველოს მოქალაქეობა“, - აცხადებს იგი. 

P.S: პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულების თანახმად, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. მოგვიანებით, სასამართლომ ბიზნესმენისა და მისი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოქალაქეობა მხოლოდ ხვედელიძეს აღუდგინა.

ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა მოხდა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

0

ავტორი: