11:55:51     21-05-2013
ლევან ვასაძე: „ივანიშვილს ორი ძეგლი უნდა დავუდგათ“

რუსეთში გამდიდრებულმა ქართველმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ გადაცემა „პოლიტმეტრში“, ივანიშვილისთის „სულ ცოტა ორი ძეგლის“ დადგმა დააანონსა.
ლევან ვასაძე: „უდიდეს პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილს და მიმაჩნია, რომ მას სულ ცოტა ორი ძეგლი უნდა დავუდგათ. პირველი, ქველმოქმედებისთვის, რაც მან ქვეყანაში სრულიად უანგაროდ გასწია. მეორე ძეგლი მას ეკუთვნის იმისთვის, რომ დესპოტური რეჟიმი მოგვაშორა. ორი უდიდესი მადლობა გვაქვს მისთვის სათქმელი“.
როგორც აღმოჩნდა, ბიზნესმენს, მისი კუმირის გუნდის წევრები არ ეპიტნავება, მეტიც, ვასაძე „ქართული ოცნების“ წევრებს "ტროას ცხენის ჯაშუშებს" უწოდებს. ვასაძის რისხვა, განსაკუთრებით უმრავლესობის იმ წევრებს დაატყდათ თავს, რომლებმაც 17 მაისს განვითარებული მოვლენები დაგმეს.
„მექმნება შთაბეჭდილება, რომ არის ხალხი, რომლებიც ტროას ცხენის ჯაშუშებივით შეყვნენ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში, ნულოვანი რეიტინგით. ისინი შევიდნენ ერთი კაცის რეიტინგით, ახლა გამოჩნდება, რისთვის შევიდნენ იქ და კარგად დაფიქრდნენ, რა უნდათ. შეიძლება 60 და 100 ათასიან საზოგადოებას უწოდო რაღაც ჯგუფი, ბრბო?“, - იკითხა ვასაძემ, სავარაუდოდ თინა ხიდაშელის, დავით უსუფაშვილის, ირაკლი ალასანიასა და დავით ზურაბიშვილის მისამართით (სწორედ მათ დაგმეს 17 მაისის ძალადობა ღიად).
„ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, გაუმართლა საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს. ის ვასაძის მეგობარია.
"გიორგი ჩვენი თაობის მერაბ მამარდაშვილად და ქართული ფილოსოფიის სკოლის უდიდეს იმედად ითვლებოდა. მისი სიმაღლის ინტელექტი უიშვიათესია და მე ცოტა მინახავს, ისევე როგორც მისი აბსოლუტურად კრისტალური წესიერება", - განაცხადა ბიზნესმენმა.
საინტერესო დეტალი: ივანიშვილისთვის ძეგლის დადგმაზე ჯერ კიდევ ოქტომბერში საუბრობდნენ რუსი პოლიტიკოსები. ისინი სიხარულს ვერ მალავდნენ საქართველოში პრორუსული ძალის გამარჯვებისა და დასავლური ხელისუფლების დამარცხების გამო.
მათი აზრით, „ივანიშვილს ნამდვილად ეკუთვნის ძეგლი“. თუმცა, მაშინ, რუს პოლიტიკოსებს არ დაუკონკრეტებიათ, ვისგან ეკუთვნის ძეგლი ოლიგაქრს - საქართველოს მოქალაქეებისგან თუ კრემლისგან...
0