ივანიშვილის ხელისუფლებამ დაღესტნელი მოჯაჰედი რუსეთს მიჰყიდა? ივანიშვილის ხელისუფლებამ დაღესტნელი მოჯაჰედი რუსეთს მიჰყიდა? />


  16:19:00     20-05-2013

ივანიშვილის ხელისუფლებამ დაღესტნელი მოჯაჰედი რუსეთს მიჰყიდა?

a24738.jpg

ერთი თვის წინ უგზო -ულოდ გაუჩინარებული  დაღესტნელი  მოჯაჰედის, მაგამედ მაგამედოვს ოჯახი ვარაუდობს, რომ ქართველმა ძალოვანებმა 24 წლის ახალგაზრდა რუსეთს გადასცეს.

მაგამედოვის დედამ ჰურულენ აბდულკადიროვამ დღეს პრემიერ-მინისტრს აღნიშნული საკითხის შესწავლა ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისიდან მოსთხოვა.

დაკარგულის დედა ეჭვობს, რომ შვილის გატაცების უკან  ქართველი ძალოვანები დგანან. აბდულკადიროვა აცხადებს, რომ თუ პოლიტიკური ნება იქნება სიმართლე მალე გაირკვევა.

დაკარგული ახალგაზრდის დედა სახალხო დამცველს გააქტიურებისკენ მოუწოდებს. ქართველი ძალოვნების მიერ მაგამედოვის რუსეთისთვის გააცემას არ გამორიცხავს იურისტი და უფლებადამცველი, ლია მუხაშავრიაც.

მუხაშავრია: „შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ადამიანით ვაჭრობას. მაგალითად, შესაძლოა, გარკვეული გარიგების საფუძველზე, ვიღაცამ ეს პიროვნება რუსეთს გადასცა.

ახლა ვის დონეზე კეთდება ეს, კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ რუსეთის სპეცსამსახურებს თუ სურთ პირის აყვანა, სწორედ მაშინ ხდება ხოლმე გაუჩინარების ასეთი ფაქტები.  გამორიცხული არ არის, რომ მაგამედოვის შემთხვევაშიც ასე იყოს საქმე“. 

შეგახსენებთ, რომ  24 წლის დაღესტნელი მოჯაჰედის გაუჩინარების შესაძლო მიზეზებზე „პრესა.ჯი“ ადრეც წერდა.  მაგამედ მაგამედოვი, თბილისიდან, 19 აპრილს,  დაახლოებით 12:40 საათზე გაუჩინარდა. 

შს სამინისტრო ირწმუნება, რომ დაკარგულს ეძებენ. როგორც „პრესა.ჯი“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, მაგამედობის მოძიებას ქართველი სამართალდამცავები 19 აპრილიდან ცდილობენ.

ნინო გიორგობიანი: „საქმეს ასე ქვია: სამძებრო საქმე უგზო-უკვლოდ დაკარგულის შესახებ. მიმდინარეობს გამოძიება“.

შეგახსენებთ, რომ მაგამედ მაგამედოვი საქართველოში არალეგალურად,  გასული წლის მაისში, საქართველო-რუსეთის საზღვრის, ლაფანყურის მონაკვეთის გავლით შემოვიდა.

შსს–ს ინფორმაციით,  6 თვის განმავლობაში, ის  პანკისის ხეობაში, ნათესავის ბინაში ცხოვრობდა.

2012 წლის 14 დეკემბერს, ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მაგამედ მაგამედოვი,  ბათუმში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მალევე პატიმრობაში მყოფ მაგამედოვს  ამნისტია შეეხო და 14 იანვარს პატიმრობიდან გათავისუფლდა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მაგამედოვი თბილისში, კაკაბაძის ქუჩაზე, ოჯახთან ერთად  ქირით ცხოვრობდა.

„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით,  მაგამედოვმა 2013 წლის  იანვარში,  საქართველოს მთავრობას ლტოლვილის სტატუსის მიღების თხოვნით მიმართა.  ის აცხადებდა, რომ  რუსეთის ხელისუფლების მიერ,  განსხვავებული რელიგიური მრწამსის და შეხედულებების გამო იდევნებოდა. 

ირწმუნებოდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. აღნიშნულ საქმეში საქართველოს მთავრობის შესაძლო კავშირს ამყარებს ის ფაქტიც, რომ გატაცებისას მისთვის ლტოლვილის სტატუსი არ იყო მინიჭებული. შესაბამისად, მაგამედოვის გაუჩინარებაზე იურიდიული პასუხისმგებლობა არავის დაეკისრება.

საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ მაგამედ მაგამედოვი მეორე მოჯაჰედია, რომელიც უგზო-უკლოდ გაუჩინარდა.

გასული წლის  14 დეკემბერს, 26 წლის მიქაელ ქადოევი დაიკარგა. ის საქართველოს შს სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებს ბათუმიდან თბილისში გადმოჰყავდათ, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.  

0

ავტორი: