16:14:28     15-05-2013
გელა ხვედელიძეს თანამდებობა არ დაუტოვებია

შს მინისტრის პირველ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს, დაკავების მიუხედავად, თანამდებობა არ დაუტოვებია. ხვედელიძის ადვოკატი კახაბერ სოფრომაძე აცხადებს, რომ პროკურატურას სასამართლოსთვის შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ შუამდგომლობით, ამ დრომდე არ მიუმართავს. ხვედელიძის ადვოკატი არ გამორიცხავს, გელა ხვედელიძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით თავად დატოვოს.
„მე მას შეხვდები, ვისაუბრებთ ამ საკითხზე. შემდეგ განცხადებას ან თავადვე გააკეთებს ან მე გავახმაურებ. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემმა კლიენტმმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება, თვითონ დაწეროს,"- აცხადებს ხვედელიძის ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს, აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო, 5 ათასი ლარი დღეს შეეფარდა.
შსს-ს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილე გელა ხვედელიძეს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" პუნქტით წაუყენეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის გამოყენებით პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით, ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
ხვედელიძე, 12 მაისს პირადი საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით დააკავეს. გელა ხვედელიძეს ბრალად ედება, ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება, რომელიც სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.
0