“პრემიერმა გელა ხვედელიძე გაწირა” “პრემიერმა გელა ხვედელიძე გაწირა” />


  11:37:26     13-05-2013

“პრემიერმა გელა ხვედელიძე გაწირა”

a24660.jpg

მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ჟურნალისტ  გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ინტერნეტში შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის  გელა ხვედელიძეის მიერ იყო ატვირთული, ყველაზე უხერხულ მდგომარეობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა.

"ეს ნაციონალების ხელწერაა" - აცხადებდა ივანიშვილი ფარული კადრების გამოქვეყნებიდან რამოდენიმე საათში. გუშინ კი ღარიბაშვილმა მისი მოადგილის დაკავებით, პრემიერიც ამხილა დიიდ ტყუილში.   

მართალია ღარიბაშვილს გადაწყვეტილება ყველაზე რადიკალებმაც დაუფასეს, თუმცა ხვედელიძის დაკავებით, ფარესაშვილის სკანდალი არ ამოწურულა. 

ფარესაშვილი მოითხოვს, რომ ხვედელიძეს მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილიც  მიჰყვეს. 

ფარესაშვილი:  მოვითხოვ ლაშა ნაცვლიშვილმა გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ლაშა ნაცვლიშვილიც უნდა მიჰყვეს გელა ხვედელიძეს. ეს იქნება სამართლიანობის ზეიმის მეორე ეტაპი. 

ხვედელიძის დაკავების ფაქტის გამო მინისტრ ღარიბაშვილს აქებს საპარლამენტო ოპოზიციაც,  თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ გიორგი კანდელაკს კითხვები მაინც აწუხებს. 

კანდელაკი: 1. რატომ გვატყუებდა ბიძინა ივანიშვილი როცა მას ხელს აფარებდა და ყველაფერი ნაციონალური მოძრაობის შეთითხნილად შერაცხა? (მგონი მორიგი გადათქმა დროულია);

2. რა აძლევს ღარიბაშვილს იმის მტკიცების საფუძველს როდის მოხდა კადრების გადაღება - მგონი ფარესაშვილმა ნათლად მიანიშნა ამ კადრების გადაღების დრო;

3. თუკი სანდოა ფარესაშვილის მიერ ხვედელიძის მხილება, რატომ არაა სანდო მის მიერვე გენ პროკურორის პირველი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილისა და დიდი ხუხაშვილისთვის ხელის დადება? მნიშვნელოვანი დეტალი: ღია პუტინისტის, ვალერი ხაბურძანიას ყოფილი მოადგილე და ახლო მეგობარი, ლაშა ნაცვლიშვილი უშიშროების საბჭოს მდივანმა, ხვედელიძესთან ერთად, დანიშვნის წინ ივანიშვილს საეჭვო წარსულის მქონედ და ეროვნული უსაფრთხოებისთვის არასასურველ პიროვნებად დაუსახელა.

4. მაინტერესებს რას აკეთებს შსს მინისტრი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწის შსს-ს თანამშრომლების მიერვე (საქმის ნამდვილობა გენ პროკურორმა პირდაპირ ეთერში დაადასტურა) პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონოდ მოპოვებული კადრებით შანტაჟის საქმეზე-მოსამართლეზე (რომლის სასამართლოს გადაწყვეტილებებს საჯაროდ აბუჩად იგდებს იუსტიციის მინისტრი)? ამდენი თვე გავიდა და არანაირი პროგრესი რაც თავისთავად უაღრესად საეჭვოა.

5. ამხელა პრეს კონფერენციაზე ნუთუ შსს მინისტრმა საჭიროდ არ ჩათვალა პოზიციის დაფიქსირება პარლამენტის წევრებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე? ძალადობისგან არგამიჯვნა მის წახალისებას წარმოადგენს. 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი მიიჩნევენ, რომ  პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე გაწირა. 

ანდრო ბარნოვი დარწმუნებულია, რომ შს მინისტრის მოადგილის დაკავებით პრემიერმა ხელი მის მრჩეველს გია ხუხაშვილსა და მთავარი პროკურორის მოადგილეს დააფარა. 

ბარნოვი:  მთავრობა მხოლოდ სახის შენარჩუნებისათვის იჭერს ერთ-ერთ ჩინოვნიკს. თუ მთავრობის მიზანი ობიექტურობაა, მაშინ მოვუწოდებთ მათ, რომ გამჭვირვალედ აწარმოონ გამოძიების პროცესი და დაანახონ საზოგადოებას, თუ საიდან დაასკვნეს, რომ თუნდაც ჩანაწერების გამოქვეყნების ეპიზოდში, აწ უკვე პრემიერის მრჩეველი ხუხაშვილი და მინისტრის მოადგილე ნაცვლიშვილი უდანაშაულონი არიან. ამ კადრების გამოქვეყნების შემდეგ პრემიერმა ყოველგვარი აპელირების გარეშე პირდაპირ ხელი დაადო პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ და განაცხადა, რომ კადრები „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის მიერ იყო ჩაწერილი და გამოქვეყნებული. ბუნებრივია, საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა პრემიერის ეს მიდგომა და სწორედ საზოგადოების ზეწოლა და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივობა გახდა ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც დღეს მთავრობას უწევს, რომ იმჯის შენარჩუნების მიზნით გარკვეული მსხვერპლი გაიღოს. 

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, ხვედელიძის დაკავების ფაქტს თავდაცვის მონისტრი ირაკლი ალასანია გამოეხმაურა, რომელიც როგორც გაირკვა მომხდარის გამო გულდაწყვეტილია. 

ალასანია: რა თქმა უნდა, ჩვენთვის გულდასაწყვეტია, რომ ეჭვმიტანილი სწორედ ის ადამიანია, ვისაც ჩვენ ყველა ვიცნობთ და ვენდობოდით, მაგრამ კანონზე ზევით არავინ არ იქნება ამ ქვეყანაში. 

ცნობისთვის, ხვედელიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძეს, ამ დროსითვის ე.წ. მოდულის შენობაშია მოთავსებული, გუშინვე ის შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოინახულა. ხვედელიძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.

0

ავტორი: