საპრეზიდენტო მარათონი სტარტს იღებს საპრეზიდენტო მარათონი სტარტს იღებს />


  12:23:56     08-05-2013

საპრეზიდენტო მარათონი სტარტს იღებს

a24617.jpg

ივანიშვილის კარზე დიდი სამზადისია.  კოალიცია ქართულმა ოცნებამ", საპრეზიდენტო კანდიდატი,  საზოგადოებას სავარაუდოდ,  13 მაისს უნდა წარუდგინოს. 

მანამდე კი,  პოლიტიკურ კულუარებში მხოლოდ მარჩიელობენ, თუ ვინ იქნება ივანიშვილის კანდიდატი.  „რჩეულთა“ შორის გამოკვეთილი, ამ დრომდე,  მხოლოდ ორი კანდიდატია: თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას და კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს, პრემიერმა  ნდობა საჯაროდ გამოუცხადა. პოლიტიკურ წრეებში ალასანიას კანდიდატად დასახელებას, პრემიერთან ცნობილი  დაპირისპირების შემდეგ ნაკლებად ელიან. პოლიტიკოსების ნაწილი, ფსონს ირაკლი ღარიბაშვილზე დებს. საზოგადოება, დღემდე შიშით უყურებს ენერგეტიკის მინისტრის შესაძლო გაპრეზიდენტებას. ამის შესახებ, პრესაში რამდენჯერმე დაიწერა. 

შესაძლო კანდიდატებზე, ამ დრომდე განცხადებას არ აკეთებენ კოალიციის წევრები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ „ქართულ ოცნებას",  საპრეზიდენტო არჩევნებზე,  ერთი კანდიდატი ეყოლება. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ღირსეულ წარმომადგენელს დაასახელებს. 

ფანჯიკიძე: ეს იქნება ძალიან ღირსეული კანდიდატი, რომელიც დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდ მოწონებას დაიმსახურებს. 

„პრესა.ჯი“ აღნიშნულ საკითხზე ანალიტიკოსებს ესაუბრა. ექსპერტ ნიკა ჩიტაძის ვარაუდით, ივანიშვილი ფსონს „რესპუბიკელ“ ვახტანგ ხმალაძეზე გააკეთებს. 

ჩიტაძე: თქვენ მიერ ჩამოთვლილი შესაძლო კანდიდატებდან, ყველაზე მეტი შანსები თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას და კონსტიტუციონალისტ ხმალაძეს აქვს. რაც შეეხება კალაძეს, პრემიერს ამ გადაწყვეტილების ასახსნელად ძალიან ბევრი არგუმენტის მოყვანა დასჭირდება. რადგან საზოგადოებაში ყოფილი ფეხბურთელი, სერიოზულ პოლიტიკოსად არ აღიქმება. 

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, ლოგიკურად, ამ ადამიანს ყველა ის თვისება აქვს, რაც საჭიროა პრეზიდენტობისთვის, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, ის პანკისის ოპერაციაში პირადად იღებდა მონაწილეობას.  წარმატებული იყო მისი მოღვაწეობა გაეროში. თუმცა, მისი კანდიდატურის არდასახელების მიზეზიც არსებობს- პრემიერთან არსებული უთანხმოება. 

ამიტომ, ჩემი აზრით, ივანიშვილისთვის უფრო მისაღები კანდიდატი იქნება ვახტანგ ხმალაძე, რომელიც ინტელექტუალურობით და სოლიდურობით გამოირჩევა. ჩემი აზრით, ალასანიასგან განსხვავებით, ხმალაძეს ლიდერის ფუნქცია არ აქვს. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, მას საპრეზიდენტო მარათონში ჩართვა,  ყველაზე მეტად გაუჭირდება, რადგან ის სულ ახლახან ძალიან მასშტაბურ სკანდალში გაეხვა. პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს ვგულისხმობ. 

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე კი,  არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ,განათლების მინისტრი და ვიცე–პრემიერი გიორგი მარგველაშვილი იყოს.  საყვარელიძე, კახი კალაძის კანდიდატურასაც სერიოზულად განიხილავს. 

„ამ ადამიანების მიმართ, პრემიერს ეჭვი არასოდეს არ გაუჩნდება. ხმალაძის დასახელებაც  არაა გამორიცხული იმის გამო, რომ მისი სიძე დავით კირვალიძეა. ჩემი აზრით, ეს არ არის ის თემა, რომლითაც შეიძლება უარი ითქვას ვახტანგ ხმალაძის გაპრეზიდენტების პერსპექტივაზე“,- აღნიშნავს საყვარელიძე. 

იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტის უფლება-მოსილებები ფორმალურ ხასიათს ატარებს, ფაქტია, რომ პოლიტიკოსებისთვის ეს სკამიც საოცნებოა. საპრეზიდენტო მარათონი სტარტს, სავარაუდოდ იმ კვირიდან აიღებს. კანდიდატებიც ბლომად არიან. 

უკვე გაცხადებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებს, „ლეიბორისტული პარტია“ არც ამჯერად გამოაკლდება. კანდიდატიც უცვლელია, ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვების იმედი აქვს შალვა ნათელაშვილს. ქვეყნის პირველი პირის სტატუსისთვის იბრძოლებს, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, აქ კანდიდატს, პარტიის შიგნით ჩატარებული პრაიმერი გადაწყვეტს. 

გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“  საპრეზიდენტო კანდიდატები არიან: ვანო მერაბიშვილი, დავით ბაქრაძე და გიორგი ბარამიძე.

0

ავტორი: