14:13:24     07-05-2013
ფარესაშვილი ნაცვლიშვილის, ხუხაშვილის და ხვედელიძის გადაყენებას ითხოვს

ჟურნალისტი გიორგი ფარესაშვილი პრემიერ–მინისტრს, მთავარი პროკურორის მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის, შს მინისტრის მოადგილის გელა ხვედელიძის და პრემიერის მრჩევლის გია ხუხაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას სთხოვს.
„არსებობენ ბიზნესმენები, რომლებსაც ხუხაშვილის, ნაცვლიშვილის და ხვედელიძის დანაშაულებებზე ინფორმაცია აქვთ, თუმცა, სანამ ობიექტური გამოძიება არ დაიწყება, მანამდე, ამ მასალების საჯარო გამოქვეყნებას არ ვაპირებ. არსებობს უამრავი აუდიომასალა, დოკუმენტები და მოწმეები, თუმცა, ჯერ ეს ინფორმაცია უნდა მივაწოდო გამოძიებას“, - ამბობს ფარესაშვილი და ამ აუდიო– მასალას იმ შემთხვევაში გამოაქვეყნებს თუ ზემოთხსენებული სამეული თანამდებობებზე დარჩება.
როგორც ფარესაშვილი ამბობს, მის ხელთ არსებული მასალები, ეხება კონკრეტულად გელა ხვედელიძეს და მის ურთიერთობას პარლამენტარ გუბაზ სანიკიძესთან. მისივე თქმით, აუდიო– მასალებში, საუბარი შეეხება ხვედელიძის მიერ, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ხელდაფარებულ პიროვნებებს - ზაზა გოგავასა და გია ნაცვლიშვილს.
ფარესაშვილის მტკიცებით, აუდიო მასალებში შედის ხუხაშვილისა და კვერცხების თემაც. ფარესაშვილი ასევე ამბობს, რომ დოკუმენტებში მოხსენიებულია ამჟამინელი ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადურიც.
„კლანური რეჟიმები უნდა დასრულდეს. არ აქვს მნიშვნელობა, იქნებოდა ეს ადეიშვილ-კეზერაშვილის კლანი, თუ ხუხაშვილ-ნაცვლიშვილების კლანი“,- განაცხადა ფარესაშვილმა და ხალხს, ვინც კლანების შესახებ ინფორმაციას ფლობს, ხმის ამაღლებისკენ მოუწოდა.
0