11:15:51     07-05-2013
სააკაშვილი ბაქოშია

საქართველოს პრეზიდენტი, ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას, ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ყურადღება იმ პროექტებზე გაამახვილეს, რომლებსაც ქართული და აზერბაიჯანული მხარე ერთობლივად ახორციელებს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი და ილჰამ ალიევი ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის საკითხებს შეეხნენ და აღნიშნეს, რომ ამ სარკინიგზო მაგისტრალს, ორივე ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
მათი განცხადებით, ამ გზით საქართველო და აზერბაიჯანი ევროპას დაუკავშირდება, რასაც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, სტრატეგიული დატვირთვა აქვს და რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტია.
სააკაშვილი, ნიზამი განჯავის საერთაშორისო ცენტრისა და მადრიდის კლუბის მიერ ორგანიზებულ, სამხრეთ კავკასიის ფორუმის მუშაობაშიც იღებს მონაწილეობას. მიხეილ სააკაშვილი ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, იორდანიის დედოფალი, ლატვიის პრეზიდენტი (1999-2007), ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი (1994-2002).
დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა სესიაზე: „ღია საზოგადოება, როგორც რთული კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრის საშუალება“.
0