11:49:17     02-05-2013
სააკაშვილი: დღეს ქართული დემოკრატიისა და მისი გადარჩენისთვის რთული, მაგრამ გადამწყვეტი მომენტია

“დღეს ქართული დემოკრატიისა და მისი გადარჩენისთვის რთული, მაგრამ გადამწყვეტი მომენტია და ჩვენ გვინდა ძლიერი ამერიკა. იმედს გამოვთქვამთ, თქვენი, როგორც საქართველოს მეგობრის გამოცდილება, ძალიან დიდ როლს ითამაშებს, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საუკეთესო მეგობარი და მოკავშირე ვიყოთ”,- აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამერიკის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან შეხვედრისას გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ გაგვიმართლა, რომ თქვენ ბრძანდებით სახელმწიფო მდივანი. გაგვიმართლა მაშინაც, როდესაც საქართველოში ჩამოხვედით ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე რთულ და გადამწყვეტი დროს. მაშინ საშიში დრო იყო, მაგრამ თქვენ გამბედაობა გამოიჩინეთ დაგვესტუმრეთ. ამას არასდროს დაგივიწყებთ. არასდროს დაგვავიწყდება, როგორ იბრძოდით კონგრესში გამოსვლისას ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიის დასაცავად მთელ მსოფლიოში. ეს ყველაზე უკეთ აჩვენებს ამერიკის ფასეულობებს. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვართ ნატო-ზე სასაუბროდ. ჩვენ ამ საკითხში გვჭირდება აშშ-ის მხარდაჭერა. გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ სივრცეში უფრო მეტი ინტეგრაციისთვის. დღეს ქართული დემოკრატიისა და მისი გადარჩენისთვის რთული, მაგრამ გადამწყვეტი მომენტია და ჩვენ გვინდა ძლიერი ამერიკა. იმედს გამოვთქვამთ, თქვენი, როგორც საქართველოს მეგობრის გამოცდილება, ძალიან დიდ როლს ითამაშებს, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საუკეთესო მეგობარი და მოკავშირე ვიყოთ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კი საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
ჯონ კერი: ჩვენ პირადად კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ბევრჯერ შევხვედრივართ. შეერთებული შტატები მადლიერია იმ დახმარებისთვის, რომელსაც საქართველო გვიწევს ავღანეთში. თქვენ ქვეყანას ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს ნატო-სა და ევროპისკენ. ასევე, მივესალმებით მთავრობის მშვიდობიან გადაბარებას. პირველად მოხდა საქართველოში არჩევნების გზით მთავრობის შეცვლა და ვიცი, რომ პრეზიდენტი აპირებს განაგრძოს დემოკრატიული სვლა.
0