23:30:36     30-04-2013
გიგა ბოკერია: ომბუდსმენის ვერსიები ლაფანყურზე ზუსტად ემთხვევა რუსეთის პროპაგანდას

უშიშროების
საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ გადაცემა „პოზიციაში“ აბსურდული უწოდა ლაფანყურის სპეცოპერაციასთან
დაკავშირებით სახალხო დამცველის ვერსიებს და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ერთი-ერთზე
ემთხვევა რუსეთის პროპაგანდას.
გიგა ბოკერიას თქმით, ლაფანყურის სპეციოერეაციისას სახელმწიფომ და სამართალდამცველებმა ყველაფერი გააკეთეს,
რათა შეეჩერებინათ შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც საქართველოს გავლით რუსეთის ფედერაციაში
გადასვლას ცდილობდა. ამასთან, უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, უჩა ნანუაშვილის მოხსენება
არანაირი ფაქტებით არ არის გამყარებული.
„ადამიანმა მოყვა რაღაც ნარატივი, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მონათხრობს, რომელიც წლებია ასევე არანაირ ფაქტებს არ ეყრდნობა. სახალხო დამცველს ზოგიერთ შემთხვევაში მოჰყავს კომიკური „მტკიცებულება“, მათ შორის ერთ-ერთია შეირაღებული ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილის, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროში რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და ეს აქვს მოყვანილი, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო უკეთებდა ამას ორგანიზებას. ნათელია, როგორ აბსურდთან გვაქვს საქმე. საქართველოს უამრავ მოქალაქეს აქვს უფლება შეინახოს იარაღი და ის ვალდებულია დაარეგისტრიროს. ეს ყველაფერი ერთი-ერთზე ემთხვევა რუსეთის პროპაგანდას. ასეთი თეორიების „სროლა“, ყოველგვარი ფაქტების გარეშე, არის, როგორც მინიმუმ გაუგებარი, უპასუხისმგებლო და სერიოზული შეშფოთების და ეჭვების საფუძველს იძლევა“
- განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.
გიგა ბოკერიამ დღეს კიდევ ერთხელ კომენტარი პრემიერის განცხადებაზეც გააკეთა, - როცა
ბიძინა ივანიშვილმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ჩრდილოკავკასიელები მართლაც გადიოდნენ
საქართველოში გარკვეულ მომზდებას. ბოკერიამ ამ განცხადების მოტივებზე ისაუბრა და ივარაუდა,
რომ შესაძლოა, ეს რუსეთსაც აწყობდეს, რითაც მასთან ურთიერთობის დალაგების საქმეში წინსვლა მოხდება, მაგრამ უშიშროების
საბჭოს მდივნის შეფასებით, რუსეთთან ურთიერთობის დაწყება იმის აღიარებით, რომ „შენ
ტერორისტებს“ მფარველობდი, უსუსტესი პოზიციაა, „მით უმეტეს, რომ მოგონილია და თუ ფაბრიკაციას არ მიმართეს, არასდროს არაფერი დადასტურდება“ - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.