11:27:55     29-04-2013
„ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლა, „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარია“

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში”, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 83-ე სემინარი მიმდინარეობს, სემინარს პრემიერ-მინისტრთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და დეპუტატებიც ესწრებიან. სასტუმროში იმყოფებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ექსპერტები.
როგორც სემინარზე სიტყვით გამოსვლისას ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჰიუ ბეილმა განაცხადა, ხელისუფლების დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვლა, „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარია.
„ეჭვი არ არსებობს, რომ თქვენ, ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდებით, თუმცა ეს გრძელი გზაა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საპარლამენტო არჩევნები, რომელიც თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნების შემდეგ განხორციელდეს ყველა ის პროგრამა, რაც გათვალისწინებული იყო.
1991 წლის შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც ხელისუფლების ცვლილება მოხდა მშვიდობიანად, არჩევნების გზით; ესაა მონაპოვარი „ვარდების რევოლუციის“. მათ მიიღეს დამარცხება და ამით სხვა ახალგაზრდა დემოკრატიებს აჩვენეს მაგალითი, რომ შესაძლებელია, ხელისუფლების გადაცემა და კოჰაბიტაცია.
ჩვენ, როგორც გარე დამკვირვებლები, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში არ ვერევით, მაგრამ ვიცით, რომ იყო ბრალდებები ორივე მხრიდან, მათ შორის პროკურატურის მიმართ პოლიტიკური დევნის შესახებ. ეს გარკვეულწილად პრობლემას უქმნის თქვენს მეგობრებს და მოკავშირეებს", – განაცხადა ჰიუ ბეილიმ.
ჰიუ ბეილიმ სიტყვით გამოსვლისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება საერთაშორისო დონეზე არ მომხდარა.
„არავის შეუძლია თქვას, რამდენი ხანი დასჭირდება ამ პრობლემის მოგვარებას. მინდა, შევაქო საქართველო მოთმინებისთვის, ასევე იმისთვის, რომ არ დაბლოკა რუსეთი მსო-ში გაწევრიანება", - განაცხადა ბეილიმ.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაც მიმართა. მას აინტერესებს პასუხი კითხვაზე, როდის შევა საქართველო ნატო-ში.
უსუფაშვილის განცხადებით, არჩევნების გზით მთავრობა შეიცვალა, თუმცა ქვეყნის პრიორიტეტები უცვლელი დარჩა.
უსუფაშვილი: ნატო-ს კარზე 10 წლის წინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ დააკაკუნა, დაახლოებით, 5 წლის პრეზიდენტ სააკაშვილს უთხრეს, რომ ეს კარი ღიაა. დღეს კი ჩვენ, მე და პრემიერ-მინისტრს გვაინტერესებს პასუხი კითხვაზე - შეგვიძლია, შემოვიდეთ? გთხოვთ, ადრე თუ გვიან, ამ კითხვაზე გაგვეცით პასუხი.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ იმ რეზოლუციაზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უმრავლესობისა და უმცირესობის შეთანხმების შედეგად, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებებით მიიღო.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ნატო-ს წევრი გახდება. ივანიშვილი: საქართველომ ამ მიმართულებით, თავისი აქტიურობით ბევრი გააკეთა. ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან აბსოლუტური მზაობაა, საქართველო ნატო-ში გაწევრიანდეს. რაღაც პროცესები ამას ხელს უშლის, მათ შორის ძალიან ამძიმებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებული ნაწილი, თუმცა ვფიქრობ, უახლოეს დროში ჩვენი აქტიურობით და ამ სტრატეგიის გაგრძელებით, საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება.
სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს ჩრდილო–ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერას, რომელიც გამოიხატებოდა, 2008 წლის აგვისტოს ომის მერე ვიზიტში და ეს იყო პირველი ვიზიტი ჩრდილო–ატლანტიკური საბჭოს საქართველოში.
„2008 წელი უმძიმესი იყო საქართველოსთვის, რა დროსაც მოხდა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება რუსეთის მიერ. მოხდა ეთნიკური წმენდა და ეს დადასტურებულია არაერთ საერთაშორისო დოკუმენტში“,- დასძინა ივანიშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი კი მიიჩნევს, რომ ისეთი სემინარები, როგორც არის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით დაგეგმილი, უნდა იყოს გამოყენებული პარტნიორებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად.
„საქართველოს ნატო-სთან დასამალი არაფერი აქვს და ღიად უნდა ისაუბროს ყველაფერზე, ხოლო თუ რამეა დასამალი, ეს რუსეთის სპეცსამსახურებს უნდა დავუმალოთ“,- აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება, "თუ რამდენად შეეფერება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ კურსს ტერორისტებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერის განცხადებები".
0