09:45:20     26-04-2013
წულუკიანი „ნაციონალებს“ ნათელაშვილს ადარებს

თეა წულუკიანმა „მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" მიმდინარე მოვლენების შეფასებისას, განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ, ახალაიასთვის გარანტიების მიცემას მიუღებლად მიიჩნევს.
„დათა ახალაია, პრეზიდენტის არ იყოს, ბევრ ინფორმაციას ფლობს, თუნდაც მხოლოდ გირგვლიანის საქმეზე. მისი ინფორმაცია ან თანამშრომლობა გამოძიებასთან ფასდაუდებელი იქნება. თუმცა, იგი ბევრ სხვა ადამიანთან ერთად, ინარჩუნებს საოცარ პოზიციას. არ ამბობს რაც იცის. მან ბევრი რამ იცის და თუ თავთან სასაყვედურო არაფერი აქვს, რატომ არ ამბობს, რაც იცის", - განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა, ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრთან თანამშრომლობა არ გამორიცხა. „არ მინდა დეტალებზე საუბრით, მათ რღვევას ხელი შევუწყო. თუმცა, ნოემბრის მშვიდი დღეები რომ დადგება, შეიძლება საუბარი მათთან. რა ტიპის თანამშრომლობა იქნება, ეს სხვა საკითხია. ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ქვეყნის შენებაში", - აღნიშნა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი „ნაციონალურ მოძრაობას" შალვა ნათელაშვილს ადარებს, პრეზიდენტს კი ტრაგიკულად წარმავალ ფიგურას უწოდებს. „მიხეილ სააკაშვილი არის, ყველაზე ტრაგიკული პირველი პირი, ვინც კი საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ოდესმე ჰყოლია. სააკაშვილი, მარტო დარჩენილი ერთი კაცია, რომელიც ძალაუფლებას, ვეტოს გარდა ვეღარაფრით აჩვენებს".
„ნაციონალებმა“ რადიკალიზმში შალვა
ნათელაშვილს გაუსწრეს.
უმცირესობამ, დაკარგა ის კონსოლიდირებული კლანური სახე, რაც უმრავლესობაში ყოფნისას ჰქონდა. ძალიან
მარგინალები გახდნენ, რომლებიც ისეთი რადიკალიზმით გამოირჩევიან, ხანდახან შალვა ნათელაშვილს უსწრებენ ხოლმე. შალვა
ნათელაშვილი არის რადიკალიზმის მამა საქართველოში. ნათელაშვილზე უფრო რადიკალი რომ იქნები,
ე.ი რასთან
გვაქვს საქმე?" - განაცხადა წულუკიანმა.
პრეზიდენტის მიერ გამოყენებულ ვეტოზე, წულუკიანმა თქვა, რომ მას ეს გაუხარდა. „ამით, პრეზიდენტმა დაადასტურა არასერიოზული მიდგომა ისეთი სერიოზული საკითხისადმი, როგორიცაა მართლმსაჯულება. თუმცა, მან ამით მოსამართლეებს მისცა დრო. მოსამართლეებს კი ეს დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ, როგორი პოზიცია ექნებათ მოსამართლეთა კონფერენციაზე. ამ მხრივ, ეს გადაწყვეტილება არის დადებითი", - აღნიშნა წულუკიანმა.
იუსტიცის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, კიდევ ერთხელ შეხვდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და საჭიროების შემთხვევაში მოსამართლეთა კონფერენციის ორგანიზებაში დაეხმაროს. იგი, კუბლაშვილს ოფიციალურად მიმართავს იმის გასარკვევად, როგორ იგეგმება მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარება, როგორი იქნება რეგლამენტი, ხმის მიცემის და დათვლის წესი.
"ვენეციის კომისიამ თქვა, რომ რეფორმა კარგია, მაგრამ იქნებ შეინარჩუნოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული წევრები. ეს ვერ მოხდება. ყველაფერში გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის დასკვნა და იქამდეც კი წავედით, რომ მოვხსენით აკრძალვა - სასამართლოს თავმჯდომარეებს, რომლებიც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არიან, ხელახალი კენჭისყრის საშუალება ეძლევათ. ბუკიკიოს არსებული საბჭო რომც მოსწონდეს, ასე ვერ დარჩება, რადგან, ბუკიკიო არ მართავს ამ ქვეყანას, ქვეყანას მართავს უმრავლესობა." - განაცხადა წულუკიანმა.
0