20:40:00     24-04-2013
ირაკლი აბსანძეს გირაოს შეუფარდებენ

ჟურნალ „ლიბერალის“ პოლიტიკის განყოფილების რედაქტორს, ირაკლი აბსანძეს პროკურატურა, აღმკვეთი ღონისძიების სახით, არასაპატიმრო გირაოს შეუფარდებს.
მთავარი პროკურატურის პრეს-სპიკერმა , ხათუნა პაიჭაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, გამოძიება გრძელდება და აბსანძის ბრალეულობის საკითხი მოგვიანებით განისაზღვრება.
აბსანძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი: „ირაკლი გზავნილის შესახებ არ ფლობდა ინფორმაციას და არც ის იცოდა, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ხდებოდა. მან ჩაიბარა გზავნილი, გამოვიდა შენობიდან და იმ მომენტში დააკავეს. ანუ გახსნილი არ ჰქონდა ამანათი და ისიც არ იცოდა, მისმა ფრანგმა მეგობარმა რა სიურპრიზი გაუკეთა. ირაკლი აბსანძე არც ნარკოტიკების მომხმარებელია და იმ მოცემულობით, რაც ახლა აქვთ, სამართალწარმოების გაგრძელებისთვის არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს“.
ჟურნალისტ ირაკლი აბსანძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადატანას გულისხმობს და 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც ცნობილია, მას მეგობარმა საფრანგეთიდან ამანათი გამოუგზავნა, რომელშიც მარიხუანა აღმოჩნდა. აბსანძემ, ამანათის შიგთავსის შესახებ, ბოლო წუთამდე არაფერი იცოდა.
0