პრეზიდენტი მოუწოდებს პრემიერს - ნუ ეთამაშება ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს პრეზიდენტი მოუწოდებს პრემიერს - ნუ ეთამაშება ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს />


  22:20:06     23-04-2013

პრეზიდენტი მოუწოდებს პრემიერს - ნუ ეთამაშება ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს

a24391.jpg

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხით მანიპულირება ყოვლად დაუშვებელია. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მისთვის ყოვლად მიუღებელია კოსოვოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელის გავლება.

„არ მინდა კომენტარი გავაკეთო პრემიერ-მინისტრის გამოსვლის სტილზე ან დონეზე, ხალხი თავადაც ხედავს ყველაფერს, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ განცხადებებს, რომლებიც მან გააკეთა. არის ისეთი საკითხები, რომლებიც საქართველოსთვის სამართლებრივი შედეგების მომტანია. როდესაც მას შეკითხვა დაუსვეს კოსოვოს და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან პარალელის გავლების თვალსაზრისით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ ერთადერთი განსხვავება, თურმე, მხოლოდ ისაა, რომ კოსოვომ ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი დაუშვა თავის ტერიტორიაზე, ხოლო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ უშვებენ. ამიტომ აფხაზეთს და ცხინვალს ამის გამო გაუჭირდება წარმომადგენლობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მინდა შევახსენო საქართველოს პრემიერ-მინისტრს: კოსოვოსა და აფხაზეთის სიტუაცია ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. მსგავსი შედარება შეიძლება გააკეთოს მხოლოდ რუსმა მოღვაწემ და არა რომელიმე საღად მოაზროვნე ევროპელმა პოლიტიკოსმა, მით უმეტეს ქართველმა პოლიტიკოსმა. კოსოვოში მოხდა ეთნიკური წმენდა და ეს აღიარა მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ. სერბეთში მაშინ იყო მილოშევიჩი და მისი პასუხისმგებლობის გამო დადგა ეს შედეგი. ამას არავითარი კავშირი არ აქვს დამკვირვებელთა შეშვება-არშეშვების თემასთან. ყოველგვარი პარალელი კოსოვოსთან აფხაზეთსა და ჩვენს ნებისმიერ ტერიტორიას შორის, სამართლებრივად სრულიად მიუღებელია და პოლიტიკური და შეიძლება სამართლებრივი შედეგები ჰქონდეს ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც ჩვენი არაკეთილმოსურნე დეპუტატი გეკითხება იმას, რომ საქართველომ ჩაიდინა აგრესია აფხაზებისა და ოსების მიმართ, ვფიქრობ, საქართველოს ლიდერი ასე არ უნდა პასუხობდეს. ეს არ არის ის პასუხი, რომლის მოსმენაც ჩვენგან უნდა მსოფლიოს. თუ თავად არ ვიცავთ საკუთარ პოზიციებს, სხვა ვინღა დაგვიცავს? რატომ მოგვცემს ვინმე ხმას და რატომ დაგვიჭერს მხარს?  ვინ გადაარჩენს ჩვენს დამოუკიდებლობას, თუკი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი თავად გამოდის და შეკითხვას, იყო თუ არა აგრესია, პასუხობს: რა ვქნათ, ჩვენ ბევრი შეცდომა გვქონდა და მომავალში აღარ გავიმეორებთო. ეს არ არის ის, რასაც უნდა ვაკეთებდეთ. ვისი გულის მოგებას ვცდილობთ ამით? ამას კონკრეტული შედეგები ექნება საქართველოს სუვერენიტეტისთვის, საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს მომავლისთვის... საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეუძლია მაკრიტიკოს სტრასბურგში ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მე მოვუწოდებ მას: ნუ ეთამაშება ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს! ეს ჩვენი მომავლის საკითხია და შეიძლება, ისე გავაფუჭოთ საქმე, რომ მისი გამოსწორება ვერასდროს ვეღარ შევძლოთ“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

0

ავტორი: