„ოცნებას“ მინუს კობა დავითაშვილი?! „ოცნებას“ მინუს კობა დავითაშვილი?! />


  12:05:11     23-04-2013

„ოცნებას“ მინუს კობა დავითაშვილი?!

a24374.jpg

კობა დავითაშვილისა და დავით სერგეენკოს სკანდალი, ჯერ არ ამოწურულა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი,  საჯაროდ ბოდიშის მოხდას არ აპირებს. მეტიც დავითაშვილის თქმით, ამის გაკეთება „კორუსფციაში“ გახვეულ სერგეენკოს მოუწევს. 

მას შემდეგ,  რაც „ხალხის პარტიის“ ლიდერმა,  ჯანდაცვის მინისტრი სადაზღვევო კომპანიებთან ფარულ გარიგებაში ამხილა,  საქმეში პრემიერი  ჩაერთო. 

როგორც ივანიშვილმა განაცხადა, დავითაშვილი ამ განცხადების გამო დატუქსა. 

„დღეს დავურეკე დავითაშვილს და საკმაოდ ვეჩხუბე, რამეთუ უნდა მოახერხოს და ჯერ საკუთარ გუნდში უნდა გააკეთოს განმარტებები. მუდამ ახერხებს, გარედან რაღაც ინფორმაციის შემოტანას, თანაც არაფერს არ ეფუძნება ის, რასაც აკეთებს დავითაშვილი. ძალიან საწყენი იყო, რაც გააკეთა. მე მას ავუხსენი, რომ თუ მას სურს გუნდში დარჩენა, გუნდს ანგარიში უნდა გაუწიოს და ინფორმაცია პირველ რიგში გუნდში გააჟღეროს. სერგეენკო უპატიოსნესია და ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ხელოვნურად მოგონილია. არავითარ კორუფციას არ აქვს ადგილი", - განაცხადა პრემიერმა. 

როგორც გუშინ გაირკვა, პრემიერის განრისხების მიუხედავად, კობა დავითაშვილი კოალიცია „ქართული ოცნებისა" და უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. მან  "მეცხრე არხის" ეთერში,  სატელეფონო საუბრის შესახებ განმარტების გაკეთება არ ისურვა, თუმცა განაცხადა, რომ პრემიერის საყვედურს არ მიიღებს. 

„მე არანაირი გუნდურობის დარღვევა არ დამიშვია, მე ვერ მივიღებ ამ საყვედურს, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ ბიძინას, ამის მიუხედავად, ფაქტი ჯიუტია: მე ორჯერ მივმართე პრემიერ–მინისტრს თხოვნით, რომ გვესაუბრა. მან, სამწუხაროდ, ვერ გამონახა დრო. შემდეგ, როგორც კი გავიგე ჯანდაცვის კომიტეტის ზურგს უკან მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე,  გავახმაურე“,- განაცხადა პარლამენტარმა. 

დავით სერგეენკოსთან დაკავშირებული სკანდალი,  პირველი შემთხვევა არ არის როდესაც კობა დავითაშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდა. 

სერგეენკოს მსგავსად,  დავითაშვილის „ყბაში“ მოხვდა ივანიშვილიც. 12 მარტს, პირველი რადიოს რადიოკლუბში სტუმრობისას, კობა დავითაშვილმა ივანიშვილი უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარესთან სტუმრობის გამო გააკრიტიკა. 

„შეცდა ბატონი ბიძინა. მე არ მერიდება, რომ კოლეგები გავაკრიტიკო და თუნდაც კოალიციის ლიდერი, როდესაც ის შეცდომას უშვებს. ბატონმა ბიძინამ სამართლიანად თქვა და მოუწოდა სააკაშვილსა და მის გუნდს, რომ ნუ ელაპარაკებიან დასავლეთს და ელაპარაკონ საკუთარ ხალხს. მე მეჩვენება, რომ კუბლაშვილთან შეხვედრა სწორედ ისეთ ფორმატში, რომ ეს იყო სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი პატივისცემა, იყო შეცდომა და ვინც ეს ურჩია ბატონ ბიძინას და დაარწმუნა, რომ ეს იქნებოდა კარგი ნაბიჯი და ამით ვიღაცის გულს მოვიგებდით, მე მგონი, არასწორი რჩევა მისცა", - განაცხადა დავითაშვილმა. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პოლიტიკურ კულუარებში „ქართული ოცნების“ რიგებიდან,  კობა დავითაშვილის „გაპანღურებაზე“ უკვე აქტიურად საუბრობენ.

რამდენად რეალურია, დავითაშვილი, რომლის პარტია კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი არ არის, ივანიშვილის გუნდს გამოეყოს? ეს კითხვა დღეს, ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს დაუსვეს. 

შარაშენიძის განცხადებით,  დავითაშვილი ამტკიცებს რომ საკმაოდ არაორდინალური პოლიტიკოსია. 

„არა მგონია ბიძინა ივანიშვილი შეელიოს სერგეენკოს, ის მას ძალიან ენდობა და ეს გამოჩნდა. რაც შეეხება კობა დავითაშვილს, ის ამტკიცებს რომ საკმაოდ არაორდინალური პოლიტიკოსია, რომელსაც ყველგან თავის გამოჩენა სურს. თავის დროზე, ვარდების რევოლუციის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მალევე დაუპირისპირდა.  ეხლა, დაახლოებით იგივე ხდება ქართული ოცნების შემთხვევაში.

დავითაშვილი არის პარლამენტში და აქვს გარანტია რომ იქნება იქ 4 წელი.  ამიტომაც, ალბათ მიაჩნია რომ რადგან გარანტირებული აქვს ეს პერიოდი,  შეუძლია დამოუკიდებელი თამაში ითამაშოს და დაუპირისპირდეს პარტიის დიდ ნაწილს“-განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

0

ავტორი: