01:17:33     23-04-2013
რუსეთი ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებაზე პასუხს ივანიშვილისგან ელის

საქართველოსა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა სტრასბურგში
აღმოჩნდა, რომ დაგეგმილი არ იყო. ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.
სამაგიეროდ, ივანიშვილს რუსეთის დელეგაცია კითხვებს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე
დაუსვამენ, სადაც ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა დღეისათვის იგეგმება.
„რაც შეეხება კითხვებს, ჩვენ ვაპირებთ ვკითხოთ ბიძინა ივანიშვილს, თუ რის გაკეთებას
გეგმავს ქართული მხარე რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად“ - განაცხადა პუშკოვმა
და დასძინა, რომ მათი კითხვები ასევე შეეხება ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეს. კერძოდ,
რუსეთის დელეგაციას აინტერესებს, განახლდება თუ არა გამოძიება, რომელიც ექს-პრემიერის
ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გარემოებებს დაადგენს.