კავკასიელი ძმების ჯიჰადი: როგორ იქცა მხიარული ბიჭუნა მონსტრად... კავკასიელი ძმების ჯიჰადი: როგორ იქცა მხიარული ბიჭუნა მონსტრად... />


  23:21:20     22-04-2013

კავკასიელი ძმების ჯიჰადი: როგორ იქცა მხიარული ბიჭუნა მონსტრად...

a24372.jpg

ბოსტონის მარათონზე ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი ჯოხარ ცარნაევი ჯერ ვერ საუბრობს და მხოლოდ თავის დაქნევით რეაგირებს გამომძიებელთა შეკითხვებზე, რომლებიც მის პალატაში საათობით დროს ატარებენ. უამრავ ადამიანს აინტერესებს, რამ უბიძგა ასეთი სისასტიკისკენ ძმებ ცარნაევებს, რომლებსაც ჰქონდათ საშუალება ესწავლათ და ემუშავათ, მაგრამ რატომღაც, მასობრივი მკვლელობის მოწყობა არჩიეს.

უფროსი ძმა ტამერლანი, რომელიც ბოსტონის პოლიციასტან ურთიერთსროლისას დაიღუპა, როგორც მისსავე დღიურში მისი მეგობრებისა და ახლობლების ჩანაწერებიდან ირკვევა, უფრო ჩაკეტილი, თუმცა სავსებით სოციალიზებული ადამიანი იყო. ჩეჩნეთში (ზოგიერთი წყაროს ცნობით კი დაღესტანში), სადაც ის დაიბადა, ძალზედ ცოტა ხანს იცხოვრა, რადგან ოჯახი მალე აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად.

აშშ-ში ტამერლანი სერიოზულად დაკავდა კრივით. მაგრამ სოლტ ლეიკ სიტის შეჯიბრისას 2009 წელს უსიამოვნება შეემთხვა - ტამერლანის აშკარა უპირატესობის მიუხედავად, მსაჯმა გამარჯვება მის მოწინააღმდეგეს არგუნა. შესაძლოა,  სწორედ ეს იყოს საფუძველი ბოსტონის მარათონზე ჩადენილი სისხლისღვრისა, რომელიც ტამერლანმა ამერიკელებზე შურის საძიებლად დაგეგმა... ამ ვერსიებზე უცხოური პრესა წერს და დეტალებს აღწერს: სწორედ იმ მარცხის შემდეგ ტამერლანი ძალზედ რელიგიურ გახდა, სმას და სიგარეტს თავი დაანება. შემდეგ კი მომავალმა ტერორისტმა ბლოგზე ასეთი რამეც დაწერა: მე არ მყავს ამერიკელი მეგობრები, მე მათი არ მესმის, მათ - ჩემი“.

ამ დროისთვის მის შესახებ დაზვერვის ფედერალურ ბიუროს ფრაგმენტული ინფორმაცია აქვს, მაგრამ მაინც ცნობილი გახდა, რომ ჯერ კიდევ 2011 წელს, ის, რუსეთის სპეცსამსახურების თხოვნით ამერიკაში დაკითხული ჰყავთ. თუმცა აღრიცხვაზე არ აუყვანიათ და დაკითხვასაც რაიმე გაგრძელება არ მოჰყოლია.

ტამერლანის ბლოგი კი ეტაპობრივად რადიკალური ხდებოდა: გაჩნდა ისლამისტური ჩანაწერები, ის იწერდა წიგნებს ჯიჰადზე, ისლამზე და ასევე დოკუმენტების დამზადების შემსწავლელ ლიტერატურას. ცნობილი გახდა ისიც, რომ 2012 წელს მან ნახევარი წელი რუსეთში გაატარა.

უმცროსი ძმა ჯოხარი კი ტამერლანისგან სრულებით განსხვავებულია - მხიარული, კომუნიკაბელური, სმაც შეეძლო, სიგარეტსაც ეწეოდა. ძმის გავლენით სპორტითაც დაინტერესდა - ჭიდაობით -  და 2500 დოლარიანი სტიპენდიაც მოიგო. მისივე მეგობრების თქმით, სამედიცინო კოლეჯში სწავლობდა და ძალიანაც მოსწონდა ეს, ანუ „ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა“ - როგორც თავის ბლოგზეც დაწერა. მეგობრებს ვერ გაუგიათ, ასეთმა ადამიანმა როგორ შეძლო, რომ მარათონზე აფეთქების ორგანიზების შემდეგ მშვიდად წავიდა გასართობად.

თუმცა სპეცსამსახურები ფიქრობენ, რომ ამ „სიმშვიდით“ მას ჩადენილის დაფარვა სურდა. სწორედ ტერაქტის ღამეს ბლოგზე დაწერა, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც სტრესები ვერ ერევა.

ძმები საკმაოდ დიდი ოჯახის შვილები არიან, მაგრამ ბევრი მათგანი სხვადასხვა ქვეყანაშია გაფანტული. მამა კი დღემდე მახაჩკალაში ცხოვრობს. გაირკვა, რომ დედა ერთხელ უნივერმაღში ქურდობის გამო დააკავეს, როცა ძვირფასი ტანსაცმლის მოპარვას ცდილობდა. ტამერლანი კი ამერიკის პოლიციას თავის დროზე გოგონაზე ძალადობის გამო დაუკავებია.

ეჭვმიტანილთა ოჯახის წევრებმა გუშინ უკვე სრულებით შეწყვიტეს ჟურნალისტებთან კონტაქტი, ამერიკული საზოგადება კი ვერ გარკვეულა - როგორ მოახერხეს ასეთი სისასტიკის ჩადენა მშვიდობისმოყვარე ძმებმა იმ ქვეყანაში, რომელმაც მათ სწავლის საშუალება მისცა...

სპეციალისტი ტერორიზმის მიმართულებით პეტერ მუდი ამბობს, რომ ეს ჩვეული სცენარია: უფროსი ძმა არწმუნებს უმცროსს, რომ შური უნდა იძიონ ამ კრიმინალურ ამერიკაზე, რომელიც ჩაგრავს მუსულმანურ ქვეყნებს. გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ კი ცარნაევებს „ჩეჩნეთის ომის ექოს“ უწოდებს და წერს, რომ ესაა „მემკვიდრეობა ჩეჩნეთისა“, სადაც ჩეჩენმა სეპარატისტებმა, რუსულმა ჯარებმა, ისლამისტმა ექსტრემისტებმა და კრიმინალურმა ელემენტებმა ისეთი ამბავი დაატრიალეს, რომელსაც ახლა მთელი მსოფლიო იმკის.
„დეილი მეილი“ კი ყველაფერს ჯოხარის ერთი ფრაზით ხსნის: „ნურასოდეს უმნიშვნელოდ ნუ მიიჩნევ მებრძოლს, რომელსაც მიზანი აქვს“...

16 აპრილს ტერაქტმა ბოსტონის მარათონზე 12 ადამიანი იმსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ტრაგედია მაშინ მოხდა, როცა მარათონის მონაწილეებმა ფინიშის ხაზი გადაკვეთეს.

ძმები ცარნაევები ეჭვმიტანილებად სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე სცნეს. ტამერლანი პარასკევს, ავტომანქანის გატაცების მცდელობისას პოლიციასთან ურთიერთსროლისას დაიღუპა, ჯოხარი კი გაიქცა, თუმცა მალევე ისიც დააკავეს. როდესაც მამას უმცროსი შვილის შესახებ ჰკითხეს, მან თქვა, რომ 19 წლის ჯოხარი  „ნამდვილი ანგელოზი“ იყო...

0

ავტორი: