13:41:43     14-01-2011
რა ღირს ომი?!
უამრავი ადამიანის გაუბედურებასთან ერთად, ომი, შესაძლოა, ეკონომიკისთვის და ეკოლოგიისთვისაც გამანადგურებლად საზიანო აღმოჩნდეს. უამრავი ქვეყნის მაგალითის დასახელება შეიძლება, რომლებმაც გადატანილი ომის შემდეგ მუხლის გამართვა ვერ შეძლეს და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევისთვის ათეულობით წლები დასჭირდათ.
მაგრამ საქართველოს გარდა, ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება ქვეყანა, რომელმაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში სამოქალაქო შეიარაღებული დაპირისპირება და სამი ომი გადაიტანა და ამ ფონზეც კი ინარჩუნებს შედარებით სტაბილურობას. მართალია, გადატანილი ომების პირდაპირ თუ არაპირდაპირ შედეგებს ჯერ კიდევ ვიმკით და კარგა ხანსაც მოვიმკით, მაგრამ ასეთ პირობებში თუნდაც დროგამოშვებით ერთი ნაბიჯის წინ გადადგმა ძალიან მნიშვნელოვანია და მაინც ნელ, მაგრამ წინსვლაზე მიანიშნებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას ომთან დაკავშირებული დეტალები ახლახან გაახსენდა და საკმაოდ სკანდალური განცხადებაც გააკეთა. ბაღაფშის მარიონეტული რეჟიმი, არც მეტი, არც ნაკლები, რესტორნის იმ მიმტანივით მოიქცა, რომელიც საბჭოთა დროს რესტორნების ჯიბესქელ კლიენტებს სუფრის საფასურად ერთიორად გაზრდილ თანხას ახდევინებდა.
ჭირის სუფრა იყო თუ ლხინის, მარიონეტულმა ხელისუფლებამ უფრო მოილხინა ამ სუფრასთან თუ სამხედრო საბჭოს ქართულმა ხელისუფლებამ, ვის უფრო ეკუთვნის დანახარჯის გადახდა, ვინ იყო სტუმარი და ვინ მასპინძელი – სუფრის დასრულების დროს მნიშვნელოვან ამ დეტალებს ბაღაფშისთვის მნიშვნელობა არა აქვს – მან პირნათლად შეასრულა კრემლის დავალება და მისი ჭკუით, საქართველოს ანგარიში გაუგზავნა. აღმოჩნდა, რომ „დანახარჯმა“ 13 მილიარდი დოლარი შეადგინა.
თუ გამოვრიცხავთ, რომ ამ თანხის გადახდაზე საუბრის წამოწყებისას, ბაღაფშის ხელისუფლება კრემლის დაკრულ დუდუკზე აცეკვდა, მაშინ გამოვა, რომ აფხაზური ხელისუფლების ძველი თუ ახალი „სახეები“ ამ 13 მილიარდიან „ზარალს“ მთელი 18 წლის განმავლობაში ითვლიდნენ.
ბაღაფშის ხელისუფლების განცხადებთ, ამ თანხაში შედის როგორც „აფხაზეთის რესპუბლიკისთვის“ მიყენებული ეკონომიკური, ასევე მორალური ზარალიც. ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი განცხადება, დილეტანტურთან ერთად, ცინიკურიცაა: ომის დროს მიყენებული მორალური ზარალის ჯერ დაანგარიშებაა შეუძლებელი, მერე კი მისი ანაზღაურება.
ბაღაფშის ხელისუფლების ამ განცხადებიდან სულ ცოტა ხანში ანალოგიური განცხადება, ოღონდ უკვე რუსეთის ხელისუფლების მიმართ ქართულმა მახრემაც გააკეთა. რუსულმა მედია–საშუალებებმა ეს აფხაზური ხელისუფლების მიბაძვად აღიქვეს, მაგრამ ცნობილი ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ–საქართველოს ომის შედეგად საქართველოსთვის მიყენებული ზარალის დათვლა ომის დამთავრებიდან რამდენიმე კვირაში დაიწყო. აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების ორი თაობისგან განსხვავებით, ქართულმა მხარემ ზარალის დათვლას ორ წელიწადზე ცოტა მეტი მოანდომა. არადა, აგვისტოს რამდენიმედღიანი ომისგან მიყენებული ზარალის დასათვლელად ჩასატარებელი სამუშაოები ბევრად უფრო ტევადი იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩასატარებელ სამუშაოებთან შედარებით.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი სპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთისგან 2008 წლის აგვისტოს აგრესიის გამო 20 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს – სწორედ ამ თანხად შეფასდა რუსი სამხედროების მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზარალი.
მალაშხიას თქმით, ამ თანხას დაემატება კიდევ 13 მილიარდი დოლარი, რაც რუსების მხრიდან საქართველოს ეკოლოგიისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებელი თანხაა. საერთო ჯამში, საქართველო რუსეთისგან 33 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს.
„რუსეთმა უკვე დაიწყო „ატკატები“ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმების მეშვეობით“ - ამბობს მალაშხია, - „აფხაზმა მარიონეტებმა უკვე წამოგვიყენეს მოთხოვნა თითქოსდა ქართული მხარის მიერ მიყენებულ ზარალზე 13 მილიარდი დოლარის ოდენობით, მაგრამ საქმე ის არის, რომ მათი მოთხოვნა ქაღალდზე დარჩება, რუსეთის მიმართ ჩვენი პრეტენზიები კი საერთაშორისო ინსტანციებში იქნება განხილული.“
ალბათ, არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ თუნდაც საერთაშორისო სანქციებით მუქარის შემთხვევაში (ალბათ, საქმე აქამდე არც მივა, რადგან რუსული დათვის გაავებას ყველა ერიდება) რუსეთი ჩვენგან მოთხოვნილ თანხას „ჩაგვახუტებს“, მაგრამ მოთხოვნა რომ სამართლიანია, ამაში არავის ეპარება ეჭვი, ალბათ, თვით რუსეთსაც კი.
რაც შეეხება აფხაზური ხელისუფლების მოთხოვნას, რასაკვირველია, ბაღაფშისა და მისი ქვეშევრდომების ხარჯთაღრიცხვაში არ არის შესული იმ ქართველებისთვის მიყენებული ზარალი, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ ამ ძირძველ ქართულ მიწაზე და სხვა ეროვნების ხალხთან ერთად იმას ქმნიდნენ, რისი დანგრევის გამოც ახლა ბაღაფში აქეთ გვედავება.
ალბათ, ურიგო არ იქნებოდა, ბაღაფშის მარიონეტული ხელისუფლება აფხაზეთიდან იძულებით გამოდევნილი 300 ათასი ქართველის ეკონომიკური და მორალური ზარალითაც დაინტერესებულიყო, რადგან ქართველმა დევნილებმა ყველაზე უკეთ იციან, რა ღირს ომი...
0