12:49:37     17-04-2013
რუსეთო, ნინო ანზორის ასული მზადაა...

ბიძინამ სთხოვა გააქტიურდიო და ბურჯანაძეც გააქტიურდა. თუმცა, ყველაფერი, ასე მარტივად არ უნდა იყოს. ბიძინას რომც არ ეთქვა, ბურჯანაძე უკვე ცდილობდა ძალის მოკრებას. არჩევნებამდე, იგი, ისევ ბიძინას მოთხოვნით და გარემოებების გათვალისწინებით დუმდა. „თუ ხელს არ შეგვიწყობ, ხელს მაინც ნუ შეგვიშლი“ – შეუთვალა ოლიგარქმა ბურჯანაძეს. ამბიციური ქალბატონიც დროებით გაყუჩდა, „მისი დროის“ მოსვლის მოლოდინში.
ახლა კი, ბურჯანაძემ წამზომი ჩართო. იგი ხედავს, რომ ივანიშვილმა რომც არ აღიაროს, პოლიტიკოსად ვერა და ვერ ყალიბდება. საზოგადოებაში პრემიერის რეიტინგი დაბლა იწევს. ის რაც ინერციით ნარჩუნდება, დიდხანს ვერ გასტანს. ნინოს იმედი აქვს, რომ საჭირო დროს, რუსეთი მას დაადებს ხელს და ბიძინას მისით ჩაანაცვლებს. მითუმეტეს, პრემიერი დროდადრო, პოლიტიკიდან წასვლის თარიღებს აცხადებს. მოკლედ, ნინოს ჰგონია, რომ მალე რუსეთი ხელში აიყვანს და ისე დასვამს გუბერნიის ტახტზე. იქამდე, ივანიშვილმა უნდა მოახერხოს, რომ ქვეყანა გუბერნიად აქციოს, მერე ქუდი დაიხუროს და წავიდეს.
ჰოდა ასე, მომავლის იმედით სავსე ნინო, ბიძინას თქმისა არ იყოს, გააქტიურდა. იგი მეტად საინტერესო განცხადებებით გამოდის. ბიძინა ცდება თუ ჰგონია, რომ ანზორის ასული, გამილიარდერებულ–გაპოლიტიკოსებულ ჭორვილელ ღატაკს, ბოლომდე აღიარებს. ბურჯანაძეს, ჯერ კიდევ საბჭოთა ელიტის სათვალე უკეთია და იქიდან უყურებს სამყაროს.
მოკლედ, რას ამბობს, ამ ეტაპზე გააქტიურებული ბურჯანაძე... იგი თურმე მიიჩნევს, რომ რომ ქვეყანაში საშინაო და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგს, არა ხელისუფლება, არამედ „ნაციონალური მოძრაობა" ადგენს. ცხადია, ეს ამბავი ბიძინას არ მოეწონება, მაგრამ ნინო რაღაცის თუ ვიღაცის იმედად, თამამდება.
მეტიც, მისი თქმით, ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო გამხდარიყო რეალურად წარმმართველი ძალა. „ქვეყნის, როგორც საშინაო, ისევე საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგს ადგენს, ჯერ-ჯერობით ისევ „ნაციონალური მოძრაობა". თუ თქვენ შეხედავთ ბოლო პერიოდის სიახლეებს, ნახავთ, რომ სიახლე, ან ბრალდება, ან განცხადება მოდის „ნაციონალური მოძრაობისაგან" და ხელისუფლება რეაგირებას აკეთებს ამაზე. გაუბედავი ნაბიჯები დაიწყო, ჯერ კიდევ, 1 ოქტომბრიდან, როდესაც კოჰაბიტაციას დათანხმდა ხელისუფლება. „ქართულ ოცნებას" მთელი ენერგია, დრო და რესურსი პრეზიდენტისათვის პასუხების გაცემაში კი არ უნდა დაეხარჯა, არამედ დასავლეთისთვის აეხსნა, თუ რას წარმოადგენს რეალურად "ნაციონალური მოძრაობა". კოჰაბიტაცია დამნაშავესთან არ შეიძლება. ამიტომ, ხელისუფლება ვეღარ იცლის რეალური საქმის გასაკეთებლად. ვეღარ იცლის იმისთვის, რომ იმუშაოს ეფექტურად და გაბედული ნაბიჯები და წინადადებები შემოგვთავაზოს აფხაზეთსა და ოსეთთან მიმართებაში“.
აქვე, ნინო ანზორის ასული ბურჯანაძე დასძენს, რომ „ხელისუფლება ვერ ბედავს, ღია დიალოგი დაიწყოს რუსეთთან“. ერთი სიტყვით, გამგებმა უნდა გაიგოს. რუსეთო გაიგე, ნინო მზადაა, რასაც ბიძინა ვერ მოახერხებს, თავად დაასრულოს.
0