19:36:51     15-04-2013
Полит.ру: „ოცნების“ ოცნება და ომის გამოძიებით ხალხის ყურადღების გადატანის მცდელობა

იმისათვის, რომ არ დაკარგოს პოპულარობა ქართველთა
შორის და არ ჩაუვარდეს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, „ქართული ოცნება“ იძულებულია
ეძებოს რაღაც მაინც, რაც შეიძლება გამარჯვებად წარმოაჩინოს - წერს რუსული გამოცემა
„პოლიტ.რუ“ სტატიაში სათაურით „ოცნების“ ოცნება“.
როგორც სტატიის ავტორი ილია კარპიუკი აღნიშნავს, რამდენიმე თვეში ნატოში გაწევრიანების
მხრივ წინსვლა ვერ მოხდება - ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის
სტატუსზე საფიქრალად არ სცალია. ხელგაშლილი საქართველოს არც ევროკავშირიც ელის, გერმანელ
გადასახადის გადამხდელებს ანგელა მერკელის მეთაურობით, საეჭვოა, რომ კისერზე კიდევ
ერთი ღარიბი ქვეყნის ჩამოკიდება სურდეს. რჩება მხოლოდ ერთი - რუსეთთან ურთიერთობის
დალაგება - წერს ის და ხაზს უსვამს, რომ მართალია, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური
ურთიერთობები აღდგენილი ჯერ არ არის, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსები ცდილობენ, ბოლო
დროს, რუსეთს არ უწოდონ ოკუპანტი.
„თუმცა ამ სიტუაციაში ორმაგი მიდგომა დაუშვებელია: თუ ჩავთვლით, რომ აფხაზეთი და სამხრეთ
ოსეთი საქართველოს ნაწილებია, მაშინ, რუსული ჯარები, უდავოა, ოკუპაციურია. თუ ჩავთვლით,
რომ ეს ჯარები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კანონიერად დგანან, მაშინ, ეს უფლება, გამოდის,
რომ მათ ამ ტერიტორიების ხელისუფლებამ მისცა, და ანუ ისინი დამოუკიდებლები არიან.
აგვისტოს ომის მოვლენების გამოძიება საშუალებას იძლევა ხალხის ყურადღება გადატანილ
იქნას გადაუჭრელი დილემისგან - როგორ შეიძლება არ აღიარებდნენ (საქართველოს ახალი ხელისუფლება)
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და თან, ამის ფონზე, არ უკვირდეთ იქ
რუსული ბაზების ყოფნა. ახლა უკვე არც ისე მნიშვნელოვანია, რა ხდებოდა კონფლიქტის პირველ
საათებში და რის საფუძველზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი
იყო და მთავარსარდალიც და ნებისმიერ შემთხვევაში ვერ მოიხსნის აგვიტოს ომის დროს განვითარებულ
მოვლენებზე პასუხისმგებლობას. ეს კი ნიშნავს, რომ შესაბამისი პოლიტიკური უნარის შემთხვევაში
აფხაზეთისა და ოსეთის დაკარგვა შეიძლება პრეზიდენტზე გადატყდეს. ამჟამინდელი ხელისუფლება
კი მხოლოდ ხელს დაიბანს, - წავა რა ამა თუ იმ ფორმით ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს
აღიარებაზე რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად“ - წერს „პოლიტ.რუ“.