21:52:46     14-04-2013
რუსული ტაქტიკა აფხაზეთში: სამხედროები ნაკლებად ჩანან, რათა ოკუპაცია თვალშისაცემი არ იყოს

„საერთაშორისო კრიზის-ჯგუფმა“ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა სახელწოდებით: აფხაზეთი: გრძელი გზა შერიგებისკენ, რომელშიც საინტერესო მიმოხილვაა გაკეთებული ოკუპირებულ რეგიონში მყოფი რუსული სამხედრო ძალების შესახებ.
„2008 წლის ომმა
საქართველოსთან, რუსეთს საშუალება მისცა გაამყაროს თავისი ისედაც საკმაოდ მნიშვნელოვანი
სამხედრო წარმომადგენლობა აფხაზეთში. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით მოცემულ
მომენტში იქ დისლოცირებულია 5-ათასიანი სამხედრო კონტინგენტი: 3500 საჯარისო შენაერთიდან, 1500 კი რუსეთის ფედერალური
უშიშროების ძალებიდან და ასევე „მესაზღვრეები“. 4 წლის განმავლობაში მოსკოვმა სამხედრო
ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუქციისათვის 465 მილიონი დოლარი
გამოყო, მათ შორის ამიერკავკასიაში უმსხვილესი - გუდაუთაში ბომბორას აეროდრომისათვის.
მართალია, რუსული მედია აღნიშნული ავიაბაზის სერიოზულ სამხედრო კომპლექტაციაზე იუწყება,
მაგრამ დასავლური სამხედრო უწყებების ხელთ არსებული ინფორმაციით იქ 2012 წელს მხოლოდ
4 ავია-გამანადგურებელი იყო.
რუსეთმა ასევე გაარემონტა შედარებით მცირე მასშტაბის, მაგრამ დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის
ოჩამჩირის პორტი, რომელიც ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიასთან 30 კილომეტრშია
და სადაც 8 რუსული „სასაზღვრო კატერი“ დგას, მათ შორის 2 ახალია და ისინი პორტში
2012 წელს შეიყვანეს. გარდა ამისა, „ფსბ“-ს წარმომადგენელთა ცნობით, სანაპიროზე მათ
მიერ განთავსებულია რამდენიმე რადიო-ლოკაციური სადგური - „აფხაზეთის ტერიტორიული წყლების“
დასაცავად და იმ რაიონებზე დასაკვირვებლად, რომლებიც ქართული სამხედრო-საზღვაო ძალების
თვალთახედვის არეშია“ - წერია ანგარიშში.
მოხსენების ავტორები
დაკვირვების შედეგად აღნიშნავენ, რომ რუსეთს აქვს გეგმა აფხაზეთში ხანგრძლივი ვადით
დარჩეს.
„რუსები იქ თავისი გარნიზონისთვის მთელ რიგ ახალ საცხოვრებელ შენობებს აგებს, რუს სამხედრო
მოსამსახურეებს კი, რომლებიც აფხაზეთში მსახურობენ, აქვთ უფლება სამსახურის დასრულების
შემდეგ დარჩნენ აფხაზეთში და „აფხაზეთის მოქალაქეებიც“ კი გახდნენ. და მაინც, რუსული
სამხედრო ყოფნა საკმაოდ შეუმჩნეველია, შესაძლოა, არაკეთილი გრძნობების გამო, რომლებიც
აფხაზებში რუსეთისგან დამოუკიდებლობის ფიქრებს იწვევს:
„არსებობს ნათელი
ნიშნები იმისა, რომ მოსკოვი გეგმავს აფხაზეთში განუსაზღვრელი ვადით დარჩეს. სოხუმის
ცენტრის სიახლოვეს რამდენიმე კარგი 12-სართულიანი
ნაგებობა აიგო რუსი ოფიცრებისთვის, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მსახურობენ. ეს
შენობები იშვიათ კონტრასტს ქმნიან ახლომდებარე საბჭოთა დროის საცხოვრებელ კვარტლებთან,
რომლებიც ამ დრომდე დამწვარია და ნატყვიარებიც ზედ აქვს - ქართულ-აფხაზური ომის დროინდელი.
გარდა ამისა, რუსეთმა რამდენიმე კეთილმოწყობილი პუნქტი ააგო - სამხედრო დანიშნულების,
ასევე სამხედროებისთვის ახალი საერთო საცხოვრებლები - გალის რაიონში, სადაც კომპაქტურად
ცხოვრობენ ქართველი ეროვნების წარმომადგენლები და ეს შენობები ზოგიერთ შემთხვევაში
სულ რამდენიმე კილომეტრშია ადმინისტრაციული საზღვრიდან. ქალაქ გალის ცენტრიდან დაახლოებით
ორ კილომეტრში კი რუსული გარნიზონისთვის წამომართულია ახალი დასახლება - ათსართულიანი
საცხოვრებელი კორპუსებით - სამხედროების ოჯახებისთვის. ის დაჰყურებს ქართველების ძველ
სახლებსა და ეზოებს. ბევრი ასეთი სახლი მიტოვებული, გაძარცვული და დამწვარია. რუსულ
დასახლებაში არის მართლმადიდებლური ტაძარი, მოოქროვილი გუმბათით, ირგვლივ კი 5-მეტრიანი
ბეტონის ღობეა შემორტყმული, რომელზეც ათობით სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული.
„ჩვენ გაოცებულნი ვიყავით ამ ნაგებობების საძირკველში ბეტონის სისქისა და სიღრმის გამო,
რაც თითქოს გათვლილია იმაზე, რომ ატომური აფეთქება შეაკავოს“ - ამბობს გალის მკვიდრი
და დასძენს, რომ „ცხადია, რომ რუსები აქ სამუდამოდ აპირებენ დარჩენას“. თანაც, ამ მუდმივობის
შეგრძნებას ამყარებს ის გარემოებაც, რომ რუს ოფიცრებსა და მათი ოჯახის წევრებს სამსახურის
დასრულების შემდეგ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების უფლება აქვთ, ასევე აქვთ უფლება
დაიტოვონ მათთვის მიცემული სახელმწიფო ბინა. ეს ერთადერთი კატეგორიაა მოქალაქეებისა,
რომლებსაც აფხაზური კანონმდებლობით ორმაგი მოქალაქეობის უფლება აქვთ“.
რუსული სამხედრო კონტინგენტი ცდილობს თვალში მსხვილ ქალაქებში არ იყოს მოსახვედრი.
აფხაზეთში ერთი კვირის მანძილზე ყოფნისას „საერთაშორისო კრიზის-ჯგუფის“ წევრებმა ასობით
კილომეტრი გაიარეს და შეხვდნენ მხოლოდ რამდენიმე რუს „მესაზღვრეს“ და ერთ სამხედრო
სატვრირთოს, ისიც საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე. ადგილობრივთა თქმით,
ეს შესაძლოა, სპეციალური ტაქტიკაა, რომელიც გამიზნულია ინცინდენტების მინიმალიზებაზე
, რათა არ შეიქმნას „ოკუპაციის შეგრძნება“. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ აფხაზური
„საზღვრების, გზებისა და საზღვაო აკვატორიის კონტროლს, რუსეთს ყოველთვის შეუძლია, სურვილის
შემთხვევაში, როგორც გადაისროლოს თავისი ტექნიკა და სამხედრო ძალა ამ ტერიტორიაზე,
ისე, - გაიყვანოს ის“ - ნათქვამია „საერთაშორისო კრიზის-ჯგუფის“ მოხსენებაში.
0