12:16:24     11-04-2013
თამარ ჩხეიძე: პრემიერ–მინისტრო, ჩვენს ქვეყანას უთხრით ძირს!

ილია ჭავჭავაძის საზოგადოების სახელით, თამარ ჩხეიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ღია მიმართვას უგზავნის.
“თქვენი გუშინდელი განცხადება, აგვისტოს ომის თაობაზე, არა მარტო ეწინააღმდეგება სამართლიანობას და ჭეშმარიტებას, არამედ მიმართულია ოკუპაციის მსხვერპლი, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. თქვენი და თქვენი ზოგიერთი მინისტრის აპელირება სიმართლის დადგენის აუცილებლობაზე ცინიზმია, რადგან ამ შემთხვევაში, სიმართლე ერთი და მეტისმეტად მარტივია - რუსეთი შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე, დახოცა ჩვენი მოქალაქეები, მოაოხრა , დაწვა ქართული სოფლები, ჩაატარა ეთნოწმენდა და თქვენ და თქვენი პირით, რუსეთი კი ისევ საქართველოს ადანაშაულებთ!
საბრძოლო მოქმედებები მოწინააღმდეგის მხრიდან უკვე მიმდინარეობდა, საზღვარი დარღვეული იყო, ცეცხლის ქვეშ იყო მოქცეული ქართული სოფლები, უკვე იყო მსხვერპლიც. (და არა ისე, თქვენ რომ ამბობთ, რაღაც კედელი დაზიანდაო). ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ასეთ დროს, ნებისმიერი ხელისუფლების უფლება კი არა, მოვალეობაა (ხელისუფლების არსებობის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება სწორედ ესაა), დაიცვას თავისი ტერიტორია და მოსახლეობა და საპასუხო ცეცხლის გახსნა, ამ შემთხვევაში სრულიად ბუნებრივი და კანონიერი მოვლენაა.
ქართული მხარის რეაქციის ეფექტურობა- არაეფექტურობა, ალტერნატიული მოქმედებების მიზანშეწონილება და სხვა საკითხები, სულ სხვა მსჯელობის საგანია და მას კავშირი არა აქვს მთავარ საკითხთან - ვინ დაიწყო ომი, ვინ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული კაცობრიობის წინაშე. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იყო მაშინ ხელისუფლებაში, კარგია ის თუ ცუდი, გვძულს ის თუ გვიყვარს, იურიდიულად, ის საქართველოს მხარეა და თქვენ მისი დადანაშაულებით და ოკუპანტის გამართლებით, მიშა სააკაშვილს და ნაციონალებს კი არა, ჩვენს ქვეყანას უთხრით ძირს.
ცალკეული პარტიები და ხელისუფლება კი არ არის მნიშვნელოვანი, ეს საქართველოს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია, მიწის, რომელიც ჩვენია და რომელსაც დამპყრობელი გვართმევს და ამ საქმეს მას ასეთი განცხადებები, მით უფრო საქართველოს ოფიციალური ხელისუფლის მხრიდან, ძალიან უადვილებს!
ილია ჭავჭავაძის საზოგადოების სახელით - თამარ ჩხეიძე.
P.S.გთხოვთ, დაკვირვებით წაიკითხეთ ტალიავინის ცნობილი მოხსენება, იქიდან სინამდვილეში კარგად ჩანს რეალური სურათი".
0