მერაბიშვილი: ივანიშვილმა აღიარა, რომ საქართველოს ეკონომიკა კრიზისში იმყოფება მერაბიშვილი: ივანიშვილმა აღიარა, რომ საქართველოს ეკონომიკა კრიზისში იმყოფება />


  15:52:05     10-04-2013

მერაბიშვილი: ივანიშვილმა აღიარა, რომ საქართველოს ეკონომიკა კრიზისში იმყოფება

a24158.jpg

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა.   

მერაბიშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლების 7-თვიანი მმართველობის თავზე, ივანიშვილმა  დღეს პირველად აღიარა, რომ საქართველოს ეკონომიკა კრიზისში იმყოფება. ოპოზიციის ლიდერმა საქართველოს მთავრობას ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ ერთხელ შესთავაზა. 

 ვანო მერაბიშვილი: ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ყველასთვის თვალნათელი გახდა, რომ ქვეყანაში კრიზისია, შემცირებულია ვაჭრობა, გაიზარდა უმუშევრობა და ჩვენ სამწუხაროდ, ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვდგავართ. ეკონომიკური თემა არის ის თემა, რომელშიც მთავრობა ვალდებულია ითანამშრომლოს ყველასთან, მათ შორის ოპოზიციასთან. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან ამ ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის მიმართულებით. ჩვენმა მთავრობამ, წინა ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, ძალიან გვიან დაიწყო ყველაზე მთავარი პრობლემის მოგვარებაზე ფიქრი და ყველაზე მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა. ყველაზე დიდი გამოწვევა ყველა ხელისუფლების არის დასაქმების პრობლემის მოგვარება. მოვუწოდებ დღევანდელ ხელისუფლებას, ჩვენი შეცდომები მაინც გაითვალისწინოს, ისწავლოს ჩვენს შეცდომებზე. ჩვენ საკმარისი გამოცდილება დაგვიგროვდა ქვეყნის მართვის, გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა უმუშევრობის და დასაქმების პროგრამის განხორციელებაში. მე და ჩემი მეგობრები მზად ვართ ამ მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან. ჩვენ შემდგომ დღეებში ვაპირებთ გადაუდებელი პროგრამების გამოქვეყნებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას. დღეს ყველა ოჯახს, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს უმუშევრობის პრობლემა და სანამ ეს პრობლემა მოგვარებული არ იქნება, საქართველო ვერ გამოვა ეკონომიკური კრიზისიდან.

0

ავტორი: