17:30:12     09-04-2013
თაქთაქიშვილი ხელისუფლებას, სოციალური ქსელების გაკონტროლებაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრ, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, პარლამენტის წევრის „ფეისბუქსა” და ელ-ფოსტაზე ისეთი კონტროლია დაწესებული, რომ პარლამენტის წევრთან მიმოწერის გამო, შეიარაღებული სამართალდამცავები მოქალაქეებზე ტერორს ახორციელებენ.
როგორც დეპუტატმა დღეს, „პრაიმ ტაიმის“ პრეს-კლუბში ჟურნალისტებს განუცხადა, ზუგდიდში მცხოვრებ მაკა კოდუას სახლში ჩატარებული ჩხრეკის მიზეზი, მასთან „ფეისბუქით” კომუნიკაცია გახდა.
ჩიორა თაქთაქიშვილი: მას შემდეგ, რაც გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ, სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე სერგო ჩაჩიბაია ახსენა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე", სამეგრელოს მკვიდრი მაკა კოდუა დამიკავშირდა, რომელიც ფლობდა ინფორმაციას სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილის, სერგო ჩაჩიბაიას უკანონო ქმედებებზე და მის მიერ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ ადამიანებზე.
აკრძალულია, როდესაც დეპუტატის მეილზე და „ფეისბუქზე" დაწესებულია ისეთი კონტროლი, რომ ვირტუალური კომუნიკაციის გამო, ადამიანები ხდებიან შეიარაღებული სამართალდამცველების მხრიდან ტერორის მოწყობის მიზეზი. ამ საქმეს, ასე ნამდვილად არ დავტოვებ და მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს აღძრან საქმე უკანონო ჩხრეკის ფაქტთან დაკავშირებით.
უმცირესობის წევრი, „ქართული ოცნების“ მიერ, 9 აპრილის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, ფარისევლობად აფასებს.
„დღევანდელი 9 აპრილი შეიძლება ფარისევლობის დღედაც მოვიხსენიოთ, 9 აპრილის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, ქართული საზოგადოება გულწრფელად ვერ მიიღებს იმ ხალხისგან, ვინც კომუნისტურ პატრიაში 9 აპრილის შემდეგ შედის, კრემლში ტაშ-ფანდურს აწყობს და რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს ადანაშაულებს,” - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
0