11:36:54     09-04-2013
მერაბიშვილი: მზად ვარ, 2000 ადამიანის ნაცვლად გავცე პასუხი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებას არჩევნებამდე დადებულ პირობას ახსენებს. რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყდებოდა.
ვანო მერაბიშვილი: 27 აპრილს, საქართველოს სამ რაიონში იმართება მაჟორიტარული არჩევნები, ჩვენი პარტიის აქტივისტების დიდი უმრავლესობა აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო პროცესში. იმედს გამოვთქვამ, რომ არჩილ კბილაშვილის მიერ დადებული პირობა შესრულდება.
როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ის უწყებათაშორის კომისიას, დამატებით მასალებს გადაუგზავნის და პარტაქტივის შევიწროვების საკითხების შესწავლას სთხოვს.
„ჩვენ, არაერთხელ გვითქვამს და დღესაც უნდა გავიმეორო, რომ სამწუხაროდ, პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, დაიწყო და დღემდე გრძელდება „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მასობრივი დევნა, დაპატიმრება, დაშინება და მუქარები. 2 000 ზე მეტი აქტივისტია დაკითხული“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა და იქვე დასძინა, რომ აღნიშნულ დევნაზე, პარტია უცხოელ თანამეგობრობას საქმის კურსში ჩააყენებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით, პარტიის აქტივისტები, რომლებმაც დაკითხვების სერია გაიარეს ვანო მერაბიშვილისგან მადლობის წერილს მიიღებენ.
მერაბიშვილი: ამ წერილით, თითოეულ მათგანს მინდა სოლიდარობა გამოუცხადო. ამოვუდგე მხარში. მოვუწოდებ, რომ არ გაიტეხონ გული და საქართველოს სამსახურში კვლავაც დარჩნენ. ეს ადამიანები, არაფერში არიან დამნაშავენი. თუ ხელისუფლებას ჭეშმარიტების გამოვლენა სურს, ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი მე, ვანო მერაბიშვილი. ყველა ამ ადამიანის ნაცვლად, მე დამიკითხონ. მზად ვარ, 2000 ადამიანის ნაცვლად, პირადად გავცე პასუხი.
0