14:32:12     08-04-2013
საინიციატივო ჯგუფი „19აპრილი“: რატომ არ ებრძვით კრიმინალს?

რატომ არ ებრძვით გაძლიერებულ კრიმინალს და ჩვენ, უბრალო მოქალაქეებს მასთან შემწყნარებლობას და მხოლოდ „გაგებით მოკიდებას“ გვთავაზობთ? იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების მეთოდები არ გინდათ გამოიყენოთ, ხოლო სხვა რაიმე უფრო ეფექტურს ვერაფერს იგონებთ?”- ეს კითხვა, დღეს, საინიციატივო ჯგუფის „19აპრილი“-ს წევრებმა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და პირადად, შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ITV-ს მედიაკლუბიდან დაუსვეს.
როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ფსიქოლოგმა მალხაზ ფიროსმანაშვილმა აღნიშნა, ახალი ხელისუფლების პირობებში საინფორმაციო სივრცეში საზოგადოებისთვის საინტერესო, მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო ბევრი საკითხი დაბლოკილია. მალხაზ ფიროსმანაშვილი: „ქართული ოცნების“ მიერ წინა ხელისუფლების კრიტიკისას, ერთერთი ყველაზე პოლულარული თემა „სიცრუის მანქანა“, მათ მიერვე დღეს წარმატებით ხორციელდება. რეალობას სრულიად არ შეესაბამება ის, რაც მედიაში შუქდება და რაც მთავარია, არც ხელისუფლება არის დაინტერესებული, იცოდეს, თუ როგორ მიმდინარეობს უბრალო მოქალაქის ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში.
როგორც ჩანს ფიქრობენ, რომ მთავარია მოვეკიდოთ იდეოლოგიურ მტერს და ხალხი მოიცდის, მოითმენს და გაგებით მოეკიდება ახალ სიცრუის მანქანას. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საზოგადოებისა და აქტიური მოქალაქეების სახელით, ხელისუფლებას შემდეგი კონკრეტული კითხვები გვინდა დავუსვათ: „რატომ არ ებრძვით გაძლიერებულ კრიმინალს და ჩვენ უბრალო მოქალაქეებს, მასთან შემწყნარებლობას და მხოლოდ „გაგებით მოკიდებას“ გვთავაზობთ?
იმიტომ რომ, წინა ხელისუფლების მეთოდები არ გინდათ გამოიყენოთ, ხოლო სხვა რაიმე უფრო ეფექტურს ვერაფერს იგონებთ? რატომ უწყობთ ხელს ელიტურ კორუფციას? წინა ხელისუფლებას ხომ სწორედ ამაში ადანაშაულებდით და არადემოკრატიულობაში სდებდით ბრალს?! რატომ არის კულტურის სამინისტროს და მინისტრის მოადგილისთვის უპირველესი ამოცანა, როგორც თავად უწოდებენ, „უგემოვნო" ნაგებობების დაშლა და სხვაგან გადატანა და არა დაწყებულის დასრულება, რესტავრაცია და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა?
საინიციატივო ჯგუფიის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 19 აპრილს დაგეგმილი აქციის შესახებას ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ისინი არა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მხარდასაჭერად, არამედ ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ერთიანდებიან. „19 აპრილს, ჩვენ ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ სანამ ქვეყანა შეუჩერებელი კრიზისის პერსპექტივის წინაშე არ დამგარა, რისი ყველა სიმპტომიც უკვე აშკარაა, გაითვალისწინონ წინა ხელისუფლების შეცდომები, ისწავლონ დამოუკიდებელი აზროვნება, საკუთარი ქმედებების კრიტიკული ანალიზი და ბოლოსდაბოლოს, გამოიჩინონ ის პიროვნული თუ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, რომელსაც ასე უხვად დაპირდნენ ხალხს წინასაარჩევნო პერიოდში“,- აცხადებენ მოძრაობაში.
მალხაზ ფიროსმანაშვილის ინფორმაციით, მათი ორგანიზაციის წევრებს, შს წარმომადგენლები უსმენენ. „19 აპრილის აქციის დაანონსების შემდეგ, სატელეფონო მოსმენებმა იმატა. მოქალაქეებს დაკითხვებზე სისტემატიურად ატარებენ. რეგიონებში, სამართალდამცველები პირდაპირ ეუბნებიან მოსახლეობას, რომ თბილისში აქციაზე გამგზავრებაზე არც კი იფიქრონ. მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, მხატვარმა ირაკლი ლექვინიძემ კი, ირაკლი ღარიბაშვილს, უწყების პოლიტიზირებაში დასდო ბრალი. „მინისტრი ღარიბაშვილი სისტემატიურად ყოფს საქართველოს მოქალაქეებს, მისიანებად და სხვისიანებად. მისი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, შს სამინისტროს დეპოლიტიზირების დაპირებას ახდენა არ უწერია“,- განაცხადა ლექვინიძემ და იქვე დასძინა, რომ 19 აპრილს, ის პირადად პრემიერის მიერ წახალისებულ ნეპოტიზმს გააპროტესტებს.
რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფის კიდევ ერთ წევრს, შორენა გაბისონიამ ITV-ს მედიაკლუბში ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა 19 აპრილს რუსთაველზე გასვლა. „საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ დგას. ილუზია იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობის დათბობა დადებით შედეგებს მოგვიტანს, სისულელეა. ცეკვა- თამაშით ეს ქვეყანა, იმპერიულ ზრახვებზე უარს არ იტყვის. აფხაზეთიდან დევნილი ვარ და პირადად ვიგემე რუსეთის ძალადობა. 16 წელი ვიცხოვრე ამ ქვეყანაში, მაგრამ როცა 2008 წელს რუსეთმა ეთნოწმენდა განახორციელა ჩემს მიწაზე, მე საქართველოში დავბრუნდი“- განაცხადა გაბისონიამ.
0