11:49:46     08-04-2013
წულუკიანი ID ბარათზე და საკუთარ „მისიაზე“...

"დავამტკიცებ, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ მაქვს“, „აუცილებლად შევცვლი“, „ჩემს გემოვნებაში არ ჯდება“- ყველა ამ ფრაზას, საზოგადოება იუსტიციის სამინისტროს პატარა დიასახლისისგან, თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე, ისმენს. დღეს, თეა წულუკიანმა, გორში ჟურნალისტებს უმასპინძლა და წინა ხელისუფლების მისამართით, ახალი ბრალდებები გააჟღერა.
წულუკიანი ირწმუნება, რომ ID ბარათის ჩიპზე, წინა ხელისუფლება დამატებითი ინფორმაციის შენახვას გეგმავდა. მისი თქმით, ამის დადასტურება ვიდეორგოლით შეუძლია, რომელსაც უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.
თეა წულუკიანი: ახალი პირადობის მოწმობების საკითხზე, მე პირადად ჩართული ვიყავი შიდა უწყებრივ კვლევაში და დავადგინე ყველა ის ინფორმაცია და ინფორმაციის ნაწილი, რომელიც არის დაცული ID ბარათის ჩიპზე, ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც ID ბარათზე წერია და პლუს მოქალაქის მისამართი, მეტი არაფერი ამ ჩიპზე შენახული არ არის. მე, შესაბამის ვიდეო რგოლს გამოვაქვეყნებ, ეს ალბათ ჟურნალისტებს განსაკუთრებით დაგაინტერესებთ, თუ რას გეგმავდა წინა ხელისუფლება, რომ მიება ID ბარათის ჩიპზე.
ჟურნალისტებმა მინისტრს, მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობის გაგრძელებასთან ან შეჩერებასთან დაკავშირებითაც ჰკითხეს. გაირკვა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ეს მაშინ, როდესაც „პრესა.ჯი“-ს იუსტიციის სამინისტრო უმტკიცებდა, რომ მცხეთის იუსტიციის სახლის არა დემონტაჟი, არამედ აღმშენებლობა მიმდინარეობს.
თეა წულუკიანის თქმით, საკითხი შესწავლის პროცესშია, თუმცა კულტურის მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ წინა ხელისუფლებამ ხელყო ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა. „მე ამაში კიდევ, ერთხელ მჭირდება რომ დავრწმუნდე და თუ დავრწმუნდები, მე არ ვიქნები საქართველოს იუსტიციის ის მინისტრი, რომელიც ქართველ ხალხს თავის კულტურულ მემკვიდრეობას წაართმევს" - განაცხადა წულუკიანმა.
რაც შეეხება აგვისტოს ომის დაწყების მიზეზებს, წულუკიანი აცხადებს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობა დადგა.
„ჰააგის სასამართლოში, პროკურორთან შესულია არაერთი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩივიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ამბობენ, რომ აგვისტოს ომის დროს, სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის და თანამდებობის პირებმა, ჩაიდინეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ან ისეთი დანაშაული, რომელიც შესაძლოა ომის დანაშაულად დაკვალიფიცირდეს. ჩვენი ამოცანაა, არ გავხადოთ ეს საქმე საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი და ჩვენს პრობლემებს თავად მოვუაროთ. თუ არ აღმოვჩნდით საკმარისი პროფესიონალები, ან არ გვექნა პოლიტიკური ნება, იძულებული ვიქნებით, ეს საქმე წავიდეს ჰააგაში".
0