23:58:09     05-04-2013
ბიძინა აღმაშენებელი რაბათის ციხის დასანგრევად ემზადება - ახალციხეში სპეცრაზმი შეიყვანეს
პრემიერ ივანიშვილის მორიგი აკვიატება, ამჯერად წინა ხელისუფლების მიერ აშენებული ისტორიული ციხე რაბათი გახდა. ხელისუფლება, რაბათიდან ქრისტიანული სიმბოლოების გადატანას და კომპლექსის იერ–სახის შეცვლას გეგმავს. ივანიშვილის ჩანაფიქრს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ადგილობრივები.
როგორც „პრესა.ჯი“–ს არასამთავრობო ორგანიზაცია „პატრიოტების“ პრეზიდენტმა გიორგი მაზმანიანმა აცნობა, ახალქალაქში სპეცრაზმის მაქსიმალური მობილიზაცია შეინიშნება.
გიორგი მაზმანიანი: "მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლება რაბათის დაგეგმილ მოშლას სპეცრაზმის თანხლებით აპირებს. ახალციხესა და ახალქალაქში მიმდინარეობს სპეცრაზმის მაქსიმალური მობილიზაცია. ისინი საგანგებო რეჟიმზე არიან გადაყვანილები, ეს ინფორმაცია რამოდენიმე წუთის წინ ახალციხიდან მომაწოდეს. მინდა მივმართო ხელისუფლებას ღმერთი არ გაგიწყრეთ”...„პრესა.ჯი“ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას შს სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანთან შეეცადა, თუმცა მასთან დაკავშირება ამ დროისთვის ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ ახალი ხელისუფლების მიერ თურქული მხარისათვის მიცემული პირობით, ახლადრესტავრირებული რაბათის იერსახის შეცვლა უნდა მოხდეს.
აღნიშნულ შეთანხმებას პოლიტიკურ წრეებში მძაფრი შეფასებები უკვე მოჰყვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ივანიშვილის მთავრობას მოუწოდებს, ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას არც კი შეეცადოს.
ვანო მერაბიშვილმა დღეს პირობა დადო, რომ რაბათის კომპლექსის ნგრევის საშუალებას არავის მისცემს. ყოფილი პრემიერი „რაბათის გადასარჩენად“ საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის.
მთავრობის ინიციატივას, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განუცხადა, „საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი თურქეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულება რაბათის ციხის განადგურებას ითვალისწინებს“.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესული დოკუმენტი არის გრიფით "ფრიად სასწრაფო" და შეეხება ქართული და თურქული ძეგლების დაცვას ორი ქვეყნის ტერიტორიაზე.
გაგაცნობთ რამდენიმე პარაგრაფს ამ დოკუმენტდიან: "საქართველოს მხარე თურქეთის რესპუბლიკის ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ოსმალური კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებთან მიმართებაში განახორციელებს შემდეგ სამუშაოებს: მე-18 საუკუნეში აჰმედ ფაშას მიერ ახალციხეში აგებული აბანოს კომპლექსის რესტავრაცია; მე-18 საუკუნეში აჰმედ ფაშას მიერ ახალციხის ციხეში აგებულ მეჩეთსა და მედრესეზე 2012 წელს წარმოებული სარესტავრაციო სამუშაოებისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორება: გუმბათის ფერის შეცვლა (გუმბათის არსებული ოქროსფერი საფარის ტყვიისფერით ჩანაცვლება), პირვანდელი რკინის ცხაურების დაბრუნება, ნაგებობების გარშემო სადრენაჟო სისტემის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მოსაპირკეთებელი მასალის გაუმჯობესება; ქართული მხარე ვალდებულებას იღებს გამოიტანოს მეჩეთის შიდა სივრციდან ჯვრის გამოსახულებიანი შუა საუკუნეების ქვის რელიეფები, რომელიც ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას".
0