23:28:00     05-04-2013
არასამთავრობო ორგანიზაცია ხადურის უწყებას სასამართლოში უჩივის

„საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველომ“ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ორგანიზაცია მოითხოვს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის N30 ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული შემოსავლების სამსახურის უფროსის 6 თებერვლის N4257 ბრძანების გაუქმებას, რითაც მცირე და საშუალო გადამზიდველებს შეეზღუდათ საბაჟო პროცედურების გავლა და დომინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველოს ფოსტა. ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ოფიციალურ
ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
აღნიშნული ბრძანებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა-გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებულ პროცედურებში არსებითი ცვლილებები შევიდა, რითაც საქონლის გადაზიდვის საქმიანობით დაკავებულ მეწარმეებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ. მათი განცხადებით
ახალი რეგულაციები მათი ბაზრიდან განზრახ განდევნას ემსახურება და ერთი კონკრეტული გადამზიდველის − „საქართველოს ფოსტის“ მონოპოლიურ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავს მიზნად.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მიიჩნევს,
რომ ზემოაღნიშნული ბრძანებები შეუსაბამობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, რის
გამოც მათი გაუქმება აუცილებელია.
ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვდნენ ფინანსთა მინისტრს, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა საბაჟო პროცედურების დახვეწის მიზნით მუშაობის გაგრძელებაზე არასამთავრობოს ჩართულობის პირობებში. თუმცა, ბრძანების ამოქმედების შემდეგ კომპანიები ვეღარ ახორციელებენ საქმიანობას, რაც ქმნის მათი ბაზრიდან გაძევების და დომინანტი კომპანიის მიერ პოზიციების კიდევ უფრო გამყარების საფრთხეს. ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს არ გადაუდგამს კონკრეტული ნაბიჯები მდგომარეობის გამოსასწორებლად, რამაც გამოიწვია სასამართლოსთვის მიმართვის საჭიროება - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“.
0