22:45:45     05-04-2013
გიგი კალანდაძე: ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა ჩემს გარდა კიკაბიძესაც მოსთხოვეს

გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ იმ ღამის დეტალებზე ისაუბრა, როცა სამსახურში ღამით გამოძახებულს „სიურპრიზი“ მოუწყვეს, ოთახში წულუკიანი და კბილაშვილი დაახვედრეს და დააკავეს.
ამის შესახებ კალანდაძემ გადაცემა „პოზიციაში“ ისაუბრა.
მანვე დაადასტურა ისიც, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მას გამოძიებასთან „თანამშრომლობა“ შესთავაზა.
„სამწუხაროდ, ვიდრე იმ ოთახში შევიდოდით, სადაც სიურპრიზი დამახვედრეს, ირაკლი ალასანიამ პირდაპირ მითხრა „მეთანამშრომლა“ გამოძიებასთან, რაზეც ასევე პირდაპირ ვუთხარი, რომ მე ვითანამშრომლებ და თუ რამე შეკითხვა გექნებათ, პასუხს გაგცემთ-თქო. მაშინ მისი ნათქვამი პირდაპირ გავიგე და ვერ წარმოვიდგინე, თუ რამეს მაკადრებდნენ. ეს იყო საუბარი ჩემსა და ირაკლი ალასანიას შორის იქამდე, ვიდრე იმ ოთახში შევიდოდი, სადაც ქალბატონი წულუკიანი, კბილაშვილი, რამდენიმე გამომძიებელი და ასევე სამხედრო ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები მელოდებოდნენ“ - განაცხადა კალანდაძემ.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ნიშნავდა თუ არა ეს წინადადება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, კალანდაძემ განაცხადა, რომ „ეს სწორედ ამას ნიშნავდა, რის შემდეგაც მას ბრალდებულის სტატუსი მოეხსნებოდა“.
გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა ასევე განაცხადა, რომ ახალაის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მის გარდა ამერიკაში სამხედრო წარმომადგენელს, პოლკოვნიკ კიკაბიძესაც მოსთხოვეს.
„დიახ, მე ალასანიამ მომთხოვა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა და არა მხოლოდ მე, ასევე პოლკოვნიკ კიკაბიძეს, რომელიც ამერიკაში სამხედრო წარმომადგენელი იყო. ჩამოიყვანეს და პირდაპირ უთხრეს, რომ თუ ჩვენთან ითანამშრომლებ, არ იქნები ბრალდებული და იქნები მოწმის სტატუსითო“ - განაცხადა გიგი კალანდაძემ.
0