22:47:32     26-03-2013
ბოდბის დედათა მონასტრის მონაზონი კრიმინალისგან ძლივს იხსნეს

კრიმინალური შემთხვევები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ვიდრე მინისტრი სტრასბურგშია, კრიმინალებმა ჯერ სამეგრელოდან მცირეწლოვანი გაიტაცეს და როგორც მხედრიონის 90-იანებში იყო, ფულადი გამოსასყიდი მოითხოვეს. დღის ბოლოს კი, ცნობილი ხდება, რომ კახეთშიც იმძლავრა კრიმინალმა.
სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში, არასრულწლოვანი დაჭრეს. ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე, ბოდბის დედათა მონასტრის მონაზონი მენჯის არეში დაჭრეს. მონასტერში, სასწრაფო დახმარების ბრიგადები ორშაბათს დილით გამოიძახეს. თუმცა ამაზე არც განმარტება გაკეთებულა და არც ის გაჟღერებულა, ვინ დაჭრა მონაზონი.
როგორც ადგილობრივ „ქიზიყი.ჯი-ს“-თან თავად დაზარალებული აკაკი ელაშვილი ყვება, მას მხარის არეში ჭრილობა, დანით ნათესავმა, სოფელ ნუკრიანში მცხოვრებმა, დავით შალვაშვილმა მიაყენა. აღნიშნული ინციდენტი, 25 მარტს დილით მოხდა. დაშავებულს სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია, „არქიმედეს” წნორის კლინიკაში ჩაუტარდა. ამ დროისთვის, ელაშვილი სტაციონალში რჩება, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც დაზარალებულის დედა ყვება, შალვაშვილს სხვა ტიპის პრობლემები აქვს და სხვადასხვა დროს ქურდობაშიც იყო შემჩნეული, რის გამოც ელაშვილმა მას მის ოჯახში სტუმრობა აუკრძალა. ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სიღნაღის რაიონულ პოლიციაში.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოლოლაკის ერთერთ ბარში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი დაჭრეს. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გურამ ტომარაძე, რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ ბარში დაჭრეს, - ამის შესახებ “გურიანიუსი" იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა სოლოლაკში მდებარე ბარ "ბედლაუნჯში" მოხდა. "გურიანიუსი" წერს, რომ ამ ინციდენტის დეტალებს, შსს არც ადასტურებს და არც ახმაურებს .
0