01:17:29     23-03-2013
საქართველოს პრეზიდენტი: პოლიტიკაში ჩემი დარჩენის მოტივაცია ნგრევის არდაშვებაა...

მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც პოლიტიკაში დარჩება, მისი მიზანი და მოტივაცია კი ქვეყნის ნგრევის არდაშვება და მშენებლობის გაგრძელებაა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„რაც შეეხება ჩემს პირად გეგმებს. გეგმები იყო ძალიან კონკრეტული. თუ ოქტომბრის არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებდა, მე ვაპირებდი პოლიტიკიდან წასვლას. მე ვთქვი, რომ ვანო მერაბიშვილი იქნებოდა არა მარტო მაშინ მოქმედი პრემიერ-მინისტრი, არამედ პრემიერ-მინისტრი ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგაც. თუ მთავრობის თავმჯდომარე ის იქნებოდა, მე კი კენჭს ვერ ვიყრიდი თუნდაც პარლამენტში, აბა ჩემთვის რა ფუნქცია რჩებოდა? მაგრამ, ახლა დგას სხვა საკითხი. პირველ რიგში შესანარჩუნებელი გაქვს დემოკრატიული სისტემა, რომელსაც დღეს პრობლემებს უქმნიან და მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს. ამიტომაც ღირს დარჩენა, თუნდაც იმიტომ, რომ ეს შევინარჩუნოთ. დავრჩები აუცილებლად პოლიტიკაში და ჩემი დარჩენის მოტივაციაა, ნგრევის არ დაშვება, რადგან ეს იქნება ჩემი პიროვნული ტრაგედია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თუ ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი და იქნება თუ არა ის ვანო მერაბიშვილი, ეს, პრეზიდენტის თქმით, შიდა დებატებისა და პრაიმერის მეშვეობით გადაწყდება. მისი განცხადებით, მერაბიშვილი მნიშვნელოვანი ლიდერია, მაგრამ ლიდერებს დემოკრატია ქმნის და ამიტომ, უნდა ჩატარდეს შიდა დებატები, შიდა პრაიმერი, და ეს უნდა იყოს ტელეკამერების წინ, რათა ხალხმა შეაფასოს მათი არგუმენტები. „ზუსტად ასევე დემოკრატიულად განისაზღვრება ჩემი შემდგომი როლი", - აღნიშნა სააკაშვილმა. ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ პირველივე არჩევნებს, რომელსაც დღევანდელი მთავრობა წააგებს, სერიოზული გადაჯგუფება მოჰყვება პარლამენტში და სამთავრობო გუნდში.
პრეზიდენტმა სხვა მიმდინარე თემებზეც ისაუბრა, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის პირველი და მეორე მოსმენით კენჭისყრა საპარლამენტო უმრავლესობამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევისათის მას მზად ჰქონდა პრაქტიკულად იგივე პროექტი, მცირედი განსხვავებებით, რომლის წარდგენასაც საკანონმდებლო ორგანოში იმავე საღამოს გეგმავდა.
„თუ ეს საკითხი ჩავარდებოდა, მქონდა მომზადებული ზუსტად იგივე ცვლილება, ოდნავი იურიდიული ნიუანსებით და შემქონდა იმავე საღამოს უკან და ვეუბნებოდი, რომ ახლა ჩააგდეთ იმიტომ, რომ გაჯიუტდით, მაგრამ ეს უფლება მე არაფერში მჭირდება და მართლა სულელი ხომ არ ვარ, რომ მთავრობის დათხოვნის ინიცირება მოვახდინო. ეს სცენარი გვქონდა ჩვენ გამზადებული იმ შემთხვევისთვის, თუ კანონპროექტი ჩავარდებოდა“ - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელი გადაწყვეტილებით, როცა უსუფაშვილი დათანხმდა ნაციონალური მოძრაობის მიერ მოთხოვნილ სარეიტინგო კენჭისყრას, იმის დემონსტრირება მოხდა, რომ ნაციონალური მოძრაობა არა თუ დაშინებულა, არამედ ის ჯანსაღი ოპოზიციაა.
მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში წარდგენილ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აწუხებს ხელისუფლების ის მიდგომა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას გეგმავენ.
„უნდათ უკან წაიღონ დამოუკიდებლობის ის გარანტიები, რაც ჩემი ხელისუფლების დროს მიეცა სასამართლოს. მეორეა ევროპელებთან საუბარი. შეიძლება არ მოგწონდეს ვინმე და თანასწორი დისკუსია ჩვეულებრივია, მაგრამ როცა ევროპის ძირითად ლიდერებს ხელაღებით ელაპარაკები - ვინ ხართ, ვის დაკარგვიხართ, იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის შიგნით არის საოკუპაციო მანქანა და ამ ხალხმა გადაგვარჩინა, ეს არის გაუთვლელი ნაბიჯი და ეს მაწუხებს“ - განაცხადა პრეზიდენტმა და განმარტა, რომ წინა ხელისუფლება ამჟამინდელისგან განსხვავებით, ევროპის პოზიციას, მათ შორის ვენეციის კომისიის დასკვნების 99%-ს ითვალისწინებდა. პრეზიდენტის შფასებით, აღმასრულებელი ხელისუფლება სასამართლოს კონტროლის ბერკეტების მოპოვებას ცდილობს, რაც მომავალი მთავრობებისთვისაც ცუდ პრეცენდენტს შექმნის.
0