ალასანია ახალაიაზე ეჭვიანობს... ალასანია ახალაიაზე ეჭვიანობს... />


  14:04:55     22-03-2013

ალასანია ახალაიაზე ეჭვიანობს...

a23917.jpg

  ირაკლი ალასანიას  სიტუაცია, არა მხოლოდ ბელადის კარზე აემღვრა. თავდაცვის  მინისტრს, სამინისტროშიც ვერ დაულაგებია ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრი გვამცნობს, რომ თავდაცვას დაფინანსება ეზრდება, ალასანია  საკუთარი უწყების თანამშრომლებს თანამდებობრივ სარგოებს უმცირებს.  

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, თანამშრომელთა 89%-ს ხელფასი მოემატა, 11%-ს – დააკლდა. ამის შესახებ,  ალასანიამ პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ნუგზარ წიკლაურის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის ინფორმაციითაც, ბრიგადის ბატალიონის მეთაურებს, ასევე, დაზვერვის ასეულის წევრებს და სხვადასხვა სპეციალისტებს, ხელფასები შეუმცირდათ. 

„სარგოების მომატებას რაც შეეხება, მთლიანად ახალი სისტემა შევიმუშავეთ. დაგიდასტურებთ, რომ სამხედრო მოსამსახურეების, ასევე სამოქალაქო თანამშრომლების 89%-ს მოემატა ხელფასი, 11%-ს დააკლდა, მათ შორის, ბრიგადის ხელმძღვანელებსაც, რომელთაც არაპროპორციულად მაღალი ხელფასები ჰქონდათ. მე მათთან მქონდა შეხვედრა და ეს ნორმალურად გაიგეს. ბრიგადის ხელმძღვანელს, რიგ შემთხვევაში, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეზე მეტი ხელფასი ჰქონდა. 

რატომ იყო ეს დისპროპორცია, ამაზე შეიძლება, სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდეს, უბრალოდ გეტყვით, რომ ახლა სახელფასო ფონდის სამართლიანად გადანაწილება მოხდა. რაც შეეხება სპეციალურ სტრუქტურას, როგორიცაა დაზვერვა, ქვედანაყოფებები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, მათთვის ჩვენ დავტოვეთ დისკრეცია მინისტრთან, რომ შესაბამის შემთხვევაში პრემიის გაცემა მოხდეს", - განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ მისი სურვილია, მომავალში, კიდევ უფრო გაზარდოს ხელფასები, მაგრამ ამას რესურსი სჭირდება.

რესურსი აქვს და ამას ფინანსთა მინისტრიც ადასტურებს, თუმცა ძაღლის თავი სულ სხვაგანააა დამარხული და ალასანიას ასეთი ქმედების მიზეზად,  სულ სხვა ფაქტორი სახელდება: საქმე  იმაშია, რომ ალასანია, ბაჩო ახალაიას გავლენებზე ჯარში დღემდე  ეჭვიანობს. როგორც „პრესა. ჯის“,  ამავე სტრუქტურებიდან უყვებიან, ახალაიას დროს ჯარში ნამსახურებ   ბრიგადის მეთაურებს უნდობლად უყურებს და  სჯის.  აღნიშნული „გადამოწმება“,  მის მარჯვენა ხელს და ყოფილ დაცვის უფროსს, სამხედრო პოლიციის მოქმედ ხელმძღვანელს, ჩიხრაძეს აქვს ჩაბარებული. ხელფასების შემცირებასაც სწორედ ახალაიას გუნდზე ეჭვიანობას  და ასეთი ფორმით  შურისძიებას უკავშირებენ. 

პარალელურად,  ვრცელდება ინფორმაცია, გარდაცვლილი ჯარისკაცის შესახებ. სავარაუდოდ,  პირადი მოტივები გახდა, ბაკურციხესთან მდებარე ტყეში,  მცხეთის სამხედრო ნაწილის ჯარისკაცის სუიციდის მიზეზი. ინფორმაცია,  ბაკურციხის ტყეში ჯარისკაცის ცხედრის პოვნის შესახებ,  გაზეთმა "სპექტრმა" და  „ნიუსპოსტმა“ გაავრცელეს. შსს სუიციდის ფაქტს ადასტურებს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი  აცხადებს, რომ 1987 წელს დაბადებული ჯარისკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, მცხეთაში მდებარე სამხედრო ნაწილში მსახურობდა, ონის რაიონიდანაა.მის მობილურ ტელეფონში,  ნაპოვნია მეუღლესთან გაგზავნილი, რამდენიმე, პირადი ცხოვრების ამსახველი მოკლე შეტყობინება, რომელზეც შსს-ს საუბარი არ სურს.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმე,  თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული, რაც 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ფაქტი ბაჩო ახალაიას დროს რომ მომხდარიყო,  სრულიად  ოპოზიცია ღაღადს დაიწყებდა, რომ ჯარში წესრიგი არაა და თვითმკვლელობამდე მიჰყავთ ჯარისკაცები. ახლა კი, ასეთი ფაქტები, რატომღაც მიჩუმათებულია. 

0

ავტორი: