16:37:51     19-03-2013
ზუგდიდში 15 წლის მოზარდის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ
ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის საჯარო სკოლის მშობლები ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლის გ.ბ-ს ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვენ.
საქმე ეხება გასულ კვირას გამოაშკარავებულ გაუპატიურების ფაქტს. როგორც „პრესა.ჯი“-ს რაიონიდან აცნობეს, 15 წლის მოსწავლე, დაწყებითი კლასის მცირეწლოვან ბიჭს სისტემატიურად აუპატიურებდა.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფაქტი სკოლის დირექტორმა, ლალი ჩაჩიბაიამ მას შემდეგ გამოააშკარავა, როდესაც სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ეჭმიტანილისა და მისი თანაკლასელების დაპირისპირებას შეესწრო. უფროსკლასელები ეჭვმიტანილისგან მცირეწლოვანთა გაუპატიურების შეწყვეტას და სკოლიდან გადასვლას მოითხოვდნენ.
მომხდარის გახმაურების შემდეგ დაზარალებულებმა მათზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ მშობლებსაც უამბეს.
მოსწავლეთა ძალადობის თემა სოფელს მალევე მოედო, ნარაზენის მოსახლეობა მომხდარში სკოლის ადმინისტრაციის ბრალეულობასაც ხედავს. ადგილობრივთა განცხადებით, სკოლაში სუტუაციას მანდატურები უნდა აკონტროლებდნენ, თუმცა, ახალი ხელისუფლების პირობებში მათი როლი დაკნინებულია.
„პრესა.ჯი“ ინფორმაციის გადამოწმებას, რაიონის მოსახლეობასთან შეეცადა, ადგილობრივები მომხდარს ადასტურებენ, მედიასთან დამატებითი კომენტარის გაკეთებას კი - ერიდებიან. თუმცა, მათი ერთი ნაწილი 15 წლის მოზარდის ლინჩის წესით გასამართლებასაც ითხოვს.
ჯემალ ფილფანი, ნარაზენის მკვიდრი: „სკოლიდან ძალიან შორს ვცხოვრობ, ამიტომ მომხდარის შესახებ საქმის კურსში არ ვარ. ვიცი მხოლოდ ის რომ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რომელსაც მთელი სოფელი ადსტურებს“.
რაც შეეხება სკოლის დირექტორს, ლალი ჩაჩიბაია „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მომხდარზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.
„ვერაფერს გეტყვით, საჯარო განცხადების გაკეთების უფლება გამოძიების მიმდინარეობიდან გამომდინარე არ შემიძლია“, - აცხადებს სკოლის დირექტორი.
კომენტარის გაკეთებას გაურბიან ზუგდიდის რესურსცენტრშიც. თუმცა, უწყების ხელმძღვანელი ლელა ქებურია, ნარაზენის სკოლაში მომხდარ შემზარავ ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით მოძალადე ამ დრომდე არავის დაუკავებია. ლელა ქებურია: „მიმდინარეობს გამოძიება, მოზარდი ჯერ არ დაუკავებიათ“, - აცხადებს ის.
ბოლო ინფორმაციით, ეჭვმიტანილის სახლთან სამი დღეა პოლიციაა მობილიზებული. რაც შეეხება ეჭვმიტანილს, მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
0