15:16:44     18-03-2013
მერაბიშვილი „ქართული ოცნების“ ინიციატივას ახალქალაქში სეპარატიზმის გაძლიერებას უკავშირებს

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ ახალქალაქის საკრებულოში სომხური ენის რეგიონალურ ენად გამოცხადების საკითხის დაყენება „ქართული ოცნების“ ლობირების შედეგად ხდება.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მერაბიშვილმა განაცხადა, ეს საკითხი დღის წესრიგში სწორედ კოალიციაში შემავალი პარტიების ინიციატივით დადგა. მისივე თქმით, შესაბამისი დადგენილების მიღებას ახალქალაქის საკრებულოში ვერავინ გაუწია წინააღმდეგობა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრთა უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბირა და ახალქალაქში ვითარებას სწორედ „ქართული ოცნება“ აკონტროლებს.
მერაბიშვილის შეფასებით ახალქალაქში ახლა შეცვლილი ვითარებაა, ვიდრე მათი მმართველობის პერიოდში იყო და ამ ვითარებამ სტაბილურობას ჯავახეთში, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას.
ამასთან მერაბიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვდეს მთავრობის წარმომადგენლებს და ამ მიმართულებით გამოცდილება გაუზიაროს.
„არ ვიცი, ვინ მუშაობს მთავრობაში ჯავახეთის თემაზე, მაგრამ ჩვენს მთავრობაში იქ სტიბილურობაზე პასუხისმგებელი პირი ვიყავი პირადად მე და ჩემი დროის 20-30 პროცენტს ამ რეგიონის საკითხებს ვუთმობდი“ - განაცხადა მერაბიშვილმა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ამ ინიციატივის რეალიზების შემთხვევაში ახალქალაქში სეპარატიზი გაძლიერდეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს თემა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია რუსულ მედიაში, სადაც ასევე
ვკითხულობთ, რომ ინიციატივა ივანიშვილის კოალიციიდან მოდის.
შეგახსენებთ, ახალქალაქის საკრებულოს წევრები უმცირესობის ენების შესახებ ევროპული
ქარტიის რატიფიცირებას და შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებას ითხოვენ და ქარტიის რატიფიცირების
თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართავენ.