16:16:04     15-03-2013
ღარიბაშვილი სამინისტროში არაპროფესიონალებს დაასაქმებს

გამოიწვევს თუ არა შს მინისტრის ბრძანება სამინისტროში არაპროფესიონალი კადრების დასაქმებას?
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის N39 ბრძანებით შეიცვალა პოლიციაში ზოგიერთი საკადრო საკითხის მარეგულირებელი წესი და შესაძლებელი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ოცმეთაურის ან უფრო მაღალი თანამდებობის პირის, ოპერატიული ქვეგანყოფილების უფროსის ან უფროსის მოადგილის, დეტექტივ-გამომძიებლის, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის, მესაზღვრე-კონტროლიორისა და რამდენიმე სხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და გადამზადების კურსების გავლის გარეშე პირთა დანიშვნა ან დაწინაურება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული წესის ცვლილება პირის პოლიციის თანამშრომლად ყოველგვარი წინასწარი მომზადების და სათანადო გამოცდის გარეშე დანიშვნის ან დაწინაურების შესაძლებლობას წარმოქმნის და მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის ბრძანება ძალაშია 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით და შეზღუდული პერიოდით მოქმედებს, იგი მნიშვნელოვან რისკებს წარმოქმნის. კერძოდ, არსებობს საფრთხე, რომ პოლიციაში ამ პერიოდში თანამდებობებზე დაინიშნონ პირები, ვინც არ აკმაყოფილებენ შესაბამის სტანდარტებსა და მოთხოვნებს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცახდებაში ნათქვამია, რომ ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, თუ რატომ შეიძლება გამხდარიყო საჭირო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და გადამზადების კურსების გავლაზე დროებით უარის თქმა, რაზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შს მინისტრს კითხვით მიმართა და პასუხიც მიიღო, რომლის თანახმადაც სამინისტროს სისტემაში ძირეული ცვლილებები მიმდინარეობს, კრიმინალურ პოლიციას შეუერთდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი (სოდი), ამასთან სოდ-ში აუცილებელი არ იყო სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების გავლა.
შსს-ს განმარტებით, საგანმანათლებლო პროგრამების გავლა მოითხოვდა გარკვეულ დროს და პრობლემებს ქმნიდა საშტატო რიცხოვნობის შევსების კუთხით. შსს-ს წერილში საუბარია, ასევე, საპატრულო პოლიციის პატრულირების ზონების გაფართოვებაზე და დამატებითი გაძლიერებული ეკიპაჟების აუცილებლობაზე, რაც მოითხოვდა გადაუდებელი და ქმედითი ზომების მიღებას. სამინისტროს პასუხში, ასევე, საუბარია იმაზე, რომ სამინისტრომ ჩაატარა ტესტირება, რომლის მიზანიც იყო სამინისტროს მოსამსახურეთა ცოდნის, კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და მომზადების დონის შეფასება. აღნიშნული ტეტირების საფუძველზე კი უკვე იგეგმება მოსამსახურეთა ინტენსიური გადამზადება.
სამინისტროს პოზიციის მიუხედავად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აღნიშნავს, რომ სპეციალური კურსები და საგანმანათლებლო პროგრამები ემსახურება როგორც პროფესიული უნარებისა და ცოდნის ამაღლებას, ისე კვალიფიციური კადრების ობიექტურ შერჩევას. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და გადამზადების კურსებზე ერთიანად უარის თქმით კი დროებით გაუქმებულია შერჩევის ობიექტური წინაპირობები, რაც სუბიექტური გადაწყვეტილებისა და ნეპოტიზმის რისკებს ზრდის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიესალმება სამინისტროს სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა გარკვეულმა ნაჩქარევმა ქმედებებმა ზიანი მიაყენოს რეფორმის მიმდინარეობის პროცესს ან არ მიიყვანოს რეფორმა დადებით შედეგამდე. პოლიციელთა სწავლების პროგრამა რეფორმის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, ამიტომ პოლიციის რეფორმასთან ერთად უნდა მოხდეს საგანმანათლებლო პროგრამების განახლებაც.
აღნიშნული პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ ზიანი არ მიადგეს სამინისტროს საქმიანობის ხარისხს, საზოგადოებაში არ გაჩნდეს კითხვები ან ნეგატიური დამოკიდებულება მიმდინარე რეფორმის მიმართ, არ წარმოიქმნას ნეპოტიზმის რისკები და არ მოხდეს თანამდებობისთვის შეუსაბამო პირების სამინისტროს მოსამსახურეთა რიგებში ჩარიცხვა“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც მის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
0