უსუფაშვილი ივანიშვილს დეპუტატებს უწუნებს, დავითაშვილი კი – პრემიერს ეკამათება უსუფაშვილი ივანიშვილს დეპუტატებს უწუნებს, დავითაშვილი კი – პრემიერს ეკამათება />


  19:26:47     14-03-2013

უსუფაშვილი ივანიშვილს დეპუტატებს უწუნებს, დავითაშვილი კი – პრემიერს ეკამათება

a23809.jpg

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ  პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა „კატეგორიულად მოსთხოვა"  შუალედური არჩევნებისთვის პროფესიონალი კადრების კანდიდატურები წარმოადგინოს. 

ბიძინა ივანიშვილი: უსუფაშვილი ყოველდღე მახსენებს, არ გავბედო და  ცნობილი მსახიობი ან ვინმე სხვა არ შევიყვანო პარლამენტში, მისი აზრით  დეპუტატს აუცილებლად უნდა შეეძლოს მუშაობა კანონებთან, უნდა ჰქონდეს გამოცდილება, იგი პირდაპირ მახსენებს, ვისი გუნდის წევრიც გინდათ, იყოს, მაგრამ მან უნდა იცოდეს, როგორ იმუშავოს პარლამენტში, რადგან ჩვენი გუნდიდან სამი კაციც ვერ მეხმარებაო. 

„პრესა.ჯი“ დაინტერესდა, რატომ ვერ ახერხებენ, მსახიობები და რეჟისორები, პარლამენტის თავმჯდომარესთან კოჰაბიტაციას. 

ნუკრი ქანთარია- რეჟისორი: ყველა იურისტი ვერ იქნება, საზოგადოების წარმომადგენლებიც აუცილებლად უნდა იყვნენ პარლამენტში. ეს საზოგადოების არჩევანია. რაც შეეხება საპარლამენტო მუშაობის გამოცდილებას, პარლამენტში შესული მსახიობი თუ რეჟისორი აუცილებლად შეიძენს. მთავარია, ამ ადამიანს თავის ქვეყანა სტკიოდეს და მუშაობდეს საზოგადოებისთვის. 

გასაგებია, რომ კანონებთან მუშაობა უნდა შეგვეძლოს, მაგრამ დამეწმუნეთ იქ დაუძლეველი და შეუსწავლელი არაფერი ხდება. დღევანდელ პარლამენტში,  ბევრია ისეთი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში არ დაბადებულია, თუმცა პარლამენტში გაჭაღარავდა. 

რაც შეხება, ივანიშვილის კიდევ ერთ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტში მყოფი დეპუტატებიდან, მას მხოლოდ სამი ეხმარება, მსახიობი ამბობს, რომ პირადად მას,  რიგ კანონპროექტებზე უმუშავია, თუმცა ქანთარიამ „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას,  კონკრეტული კანონპროექტის დასახელებისგან თავი შეიკავა. 

„ჩემსა და ბატონ დავით შორის ძალიან ნორმალური ურთიერთობაა, არ არსებობს კომუნიკაციის პრობლემა. მე მაქვს კანონების ინიცირების გამოცდილება, ეს პროცესი ნორმალურად მიდის“,- განმარტა „ოცნების“ დეპუტატმა. 

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის, ექსცენტრიულ დეპუტატს, მსახიობ სოსო ჯაჭვლიანს, მან პრემიერის განცხადებაზე პასუხის გაცემა, მოუცლელობის მიზეზით არ ისურვა. 

გამოცდილი დეპუტატი, კობა დავითაშვილი ვარაუდობს, რომ აღნიშნულ საკითხზე მას პრემიერთან  „შეკამათება მოუწევს". „ნამდვილად არ დავეთანხმები ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, თითქოს უმრავლესობა დაკომპლექტებული ჰყავს არაკვალიფიციური კადრებით და გამოუცდელი დეპუტატებით. ამ საკითხში, მე მას შევეკამათები, რადგან ეს სიმართლეს არ შეესაბამება,"- განაცხადა კობა დავითაშვილმა.

0

ავტორი: