„პრესა.ჯი“-მ რუსეთის თავდაცვის მინისტრის შესახებ სენსაციური დოკუმენტი მოიპოვა „პრესა.ჯი“-მ რუსეთის თავდაცვის მინისტრის შესახებ სენსაციური დოკუმენტი მოიპოვა />


  14:19:45     11-01-2011

„პრესა.ჯი“-მ რუსეთის თავდაცვის მინისტრის შესახებ სენსაციური დოკუმენტი მოიპოვა

a3040.jpg

„პრესა. ჯი“–ს ხელში ჩაუვარდა სკანდალური დოკუმენტი, რომელიც, რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსულ აგრესიასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

„პრესა.ჯი“–ს ხელთ არსებული დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის შესახებ არ არსებობს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის ბრძანება!

ამ ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ნოემბრის დასაწყისში რუსი ოფიცერი, ქ. აჩინსკში მცხოვრები ა.ვ. დემიდოვი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებით დაინტერესდა და რამდენიმე საკითხის გასარკვევად რფ პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა. ეს კომიტეტი სპეციალურად აგვისტოს რუსული აგრესიის შემდეგ შეიქმნა და მაშინ მიმდინარე მოვლენების ანალიზი დაევალა. კომიტეტს ასევე ევალება, „გამოავლინოს 2008 წლის აგვისტოში სამხედრო დისციპლინის მოშლის რამდენიმე შემთხვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა როგორც ჯარისკაცებს, ასევე ოფიცრებს შორის“.

განსაკუთრებით საყურადღებოა წერილის პირველი ნაწილი, სადაც თავდაცვის მინისტრის ქმედების შეფასებაა მოცემული. ამ ნაწილიდან ირკვევა, რომ ა. დემიდოვს ადრეც მოუთხოვია კომიტეტისთვის აგრესიის საფუძვლების შესახებ დოკუმენტები, საიდანაც გაურკვევია, რომ თავდაცვის მინისტრის ბრძანება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის შესახებ არ არსებობს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ რუსი ოფიცერი თავისი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს:

„გთხოვთ, მიიღოთ ზომები, რათა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს რუსეთის ფედერაციის მოქმედი მინისტრის მიმართ, რადგან თქვენგან მოწოდებული მასალიდან ცხადი გახდა, რომ არ არსებობს თავდაცვის მინისტრის ბრძანება 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ, რითაც ის არღვევს რფ კონსტიტუციას, მისი მოქმედება ხვდება საერთაშორისო დანაშაულის კატეგორიაში და კვალიფიცირდება, როგორც აგრესია.“

ოფიცერი დემიდოვი კარგა ხნის განმავლობაში ცდილობდა მთავარ კითხვაზე პასუხის მიღებას. მისი ბოლო წერილი, რომელსაც „პრესა.ჯი“ დღეს ექსკლუზიურად აქვეყნებს, საკმაოდ მკაცრი ტონითაა დაწერილი და ისევ საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს ეგზავნება. ნაბეჭდი ტექსტის ზემოთ წარწერაა: „ასლი მ. სააკაშვილს“. ჯერჯერობით უცნობია, მივიდა თუ არა წერილი მეორე ადრესატამდე, მაგრამ წერილის ტექსტი რომ სენსაციური და ყურადსაღებია, ფაქტია.

როგორც ჩანს, ოფიცერმა დემიდოვმა უკვე დაასკვნა, რომ ის, რასაც ითხოვს, ანუ, რუსეთის თავდაცვის მინისრტის ბრძანება 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის შესახებ არ არსებობს. გამოდის, რომ რუსეთს „გაპრავებული“ არა აქვს 2008 წლის ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ – თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალები, სავარაუდოდ, ზეპირი მითითებების მიხედვით გადაადგილდებოდნენ. რახან თავდაცვის სამინისტრომ თუნდაც სიმბოლური ბრძანების გაცემაზე არ იფიქრა, ძნელი გამოსაცნობი არ იქნება, ვინ გასცემდა ზეპირ მითითებებს და ვინ ხელმძღვანელობდა უშუალოდ იმ საბრძოლო მოქმედებებს...

მაგრამ პუტინის თავნებობისა და რფ თავდაცვის სამინისტროს წინდაუხედაობის გამო, შესაძლოა რუსეთის თავდაცვის მინისტრს და მთლიანად, სტრუქტურას პრობლემები შეექმნას საერთაშორისო დონეზე. ა. დემიდოვი დანებებას არ აპირებს. მის წერილში ვკითხულობთ:

„ვთვლი, რომ თქვენ შეგნებულად აფარებთ ხელს ბოროტმოქმედს, უგულებელყოფთ რა ოფიცრის ღირსებას და არღვევთ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას... იმ შემთხვევაში, თუ ჩემს მიერ მოთხოვნილი აგრესიის მიზეზებს არ წარმომიდგენთ, იძულებული ვიქნები, საერთაშორისო ინსტანციებს მივმართო.“

რასაკვირველია, საერთაშორისო ინსტანციები ამ ფაქტით დაინტერესდებიან. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს ნაწილებს დისლოკაციის ადგილი არ შეუცვლია და არც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრილან, ანუ, რუსული ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ომი არ ყოფილა. ალბათ, იმითაც დაინტერესდებიან, ვინ და რა უფლებით იძლეოდა რეალურად მითითებებს, ვინ ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს და ვინ უკავშირდებოდა ბატალიონთა მეთაურებს პირადად, რათა დავალებები გაეცა და საქართველოს ოკუპაცია მოეხდინა...
0

ავტორი: