წიკლაური: 19 აპრილამდე ,  ივანიშვილი ანგელოზად არ გადაიქცევა წიკლაური: 19 აპრილამდე , ივანიშვილი ანგელოზად არ გადაიქცევა />


  15:27:07     08-03-2013

წიკლაური: 19 აპრილამდე , ივანიშვილი ანგელოზად არ გადაიქცევა

a23733.jpg

ქვეყნის ორი პოლიტიკური ძალა,  საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით,  როგორც იქნა შეთანხმდა.

პარლამენტმა   საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ რეზოლუცია , ერთხმად, 96 ხმით  მიიღო. 

როგორც „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი,  ნუგზარ წიკლაური აცხადებს, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ,  რეზოლუციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა.   

ნუგზარ წიკლაური: პარლამენტმა,  ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით,   რეზოლუცია ერთხმად მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსესუსი შედგა. ამ რეზოლუციას აქვს წინა ისტორია, რომელიც დაახლოებით თვენახევრის წინ იქნა წარმოდგენილი. პირველი ვარიანტი ოდიოზური და კაპიტულანტური იყო, თუმცა ის,  რაც ჩვენ გუშინ დავამტკიცეთ, საკმაოდ კარგ რეზოლუციად უნდა შეფასდეს.  მას არავითარი კავშირი არ აქვს ჯაფარიძის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტთან. ამ დოკუმენტში,  გაცილებით მეტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩაწერილი პოზიციები. 

- დოკუმენტს სისრულეში მოყვანა უნდა, რამდენად რეალურია არსებული ხელისუფლების პირობებში,  საგარეო კურსის უცვლელობა? 

- ერთია დოკუმენტის მიღება და მისი დეკლარირება, მეორეა ევროპული ფასეულობების შესრულება და ერთგულება. როგორც ვხედავთ, ივანიშვილის გუნდის მიმართ უპრეცედენტო კრიტიკაა, თავისუფალი სამყაროს მხრიდან.  უცხოელი თანამეგობრობის წევრები,  ადგილობრივ თვითმართველობებში შექმნილ სიტუაციებზე,  დეპუტატებზე ზეწოლის ფაქტებზე,  სასამართლოს განადგურების მცდელობაზე,  მედიის შევიწროვების მცდელობაზე შეშფოთებას გამოთქვამენ. ამიტომ ვაცხადებთ, რომ ძალიან კარგია დოკუმენტის მიღება,  თუმცა ეს 10 % - ია გასაკეთებელი საქმისა.  ახლა, ჩვენმა ოპონენტმა აღმასრულებელმა ძალამ, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ის სამარცხვინო იმიჯი, რომელიც  დღეს აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით,  მცირედით მაინც  შეიცვალოს. ხელისუფლების ასეთი სახე,  აზარალებს არა მხოლოდ ხელისუფლებას,  არამედ მთელს ქვეყანას. 

 ევროპარლამენტის 23 წევრი, პირველი არ არის, ვინც ივანიშვილს  დემოკრატიულობისაკენ მოუწოდებს. ამ წერილს, ხელს აწერს არა რომელიმე პარტიის წარმომადგენლობა, არამედ ევროპარლამენტის ყველა მსხვილი პარტიის წარმომადგენელი, რაც ნიშნავს, რომ ევროპული პოლიტ–ელიტის პოზიცია არის კონსოლიდირებული. 

გარდა ევროპარლამენტისა,  ნატოს ასამბლეის წერილში, ევროსაბჭოს პოზიციაში, მკაფიოდ გამოიკვეთა საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ პოზიცია.  ადგილობრივ თვითმართველობაზე თავდასხმა, მედიასა და სასამართლოზე ზეგავლენის მოპოვების უხეში მცდელობა, პოლიტპატიმრების ჩვეულებრივი ფორმით გამოშვება, მათი საქმეების შესწავლის გარეშე.  ყველაფერი ეს, არის ევროპული საზოგადოების დიდი წუხილი. დღეს, ისინი ღიად ეუბნებიან ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი ქმედებები საქართველოს მომავალს უკარგავს. ივანიშვილმა კრიტიკა უნდა გააცნობიეროს. თუ მას გადაწყვეტილი აქვს, რომ ქართული საზოგადოება იზოლაციაში მოახდინოს, ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს. მესმის რომ ბატონი პრემიერი ახალბედა პოლიტიკოსია და მას ჰქონდა გარკვეული ილუზიები, რომ ტერორითა და პროკურატურის გამოყენებით შეძლებდა საზოგადოების ნეიტრალიზებას, თუმცა ახლა ყველა ხვდება, რომ ქართული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ევროპის წინააღმდეგ არასდროს წავა. 

- საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ, რეზოლუციის მიღების შემდეგ, გადაიხედება 19 აპრილს დაგეგმილი აქციის ჩატარების საკითხი? 

- გუშინ მიღებულ რეზოლუციასა და 19 აპრილს გასამართ აქციას შორის, კავშირს ვერ ვხედავ. მთელი რიგი მიმართულებებით, ხელისუფლება ცდილობს თავისუფალი აზრის შებოჭვას, ეს პირველ არხზე მიმდინარე მოვლენებით დასტურდება. დარწმუნებული ვარ, რომ აპრილამდე  კარდინალური ცვლილებები არ მოხდება. ივანიშვილი ანგელოზად არ გადაიქცევა. 

ჩვენ ვემზადებით დიდი აქციისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, დემოკრატიის, თავისუფლების გზა.  საქართველოს ევროპული მომავლის გზა არის ერთადერთი და მას, არ აქვს არანაირი ალტერნატივა, სხვა გეოპოლიტიკური გზა არ განიხილება. 

- საზოგადოებრივი მაუწყებელი  ახსენეთ, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათი მიზანი არხის იმ წნეხისგან გათავისუფლებაა, რა წნეხისქვეშაც პირველი არხი ყოფილი ხელისუფლების მხრიდან, დღემდეა... 

- ასეთი სიტყვათა შეთანხმება: „ყოფილი ხელისუფლების დიქტატი“, არის უბრალოდ ნონსენსი. ამ შეფასებაზე,  მსოფლიოში ყველას გაეცინებოდა. უმრავლესობამ, პარლამენტში მაუწყებლის შესახებ კანონი შემოიტანა, სადაც მათი სურვილი ნათლად იკვეთება. მათი მიზანია, საპარლამენტო უმრავლესობამ დააკომპლექტოს მთლიანად საზმაუწყებლის მრჩეველთა საბჭო-ბორდი, რომ მათ ტელევიზიაში თავისუფლად, თავიანთი ინტერესის გატარება შეძლონ. უხეში ჩარევა მედიის საქმიანობაში იქნება აღქმული, როგორც დემოკრატიის დასამარების მცდელობა.

0

ავტორი: