17:42:34     04-03-2013
ივანიშვილმა პრეზიდენტს 19 აპრილის მიტინგის ჩაშლა მოსთხოვა და უარი მიიღო

პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის შეხვედრა შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ამაზე პრემიერმა თავისი აგრესიული ტონითაც მიანიშნა და განაცხადა, რომ „ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის“.
ერთ საათიანი შეხვედრის შემდეგ, რომელიც სახელმწიფო კანცელარიაში, პრეზიდენტის ფლიგელში გაიმართა, მხარეებმა პრესკონფერენცია არა ერთობლივად, არამედ ცალ-ცალკე მოიწვიეს, რითაც კიდევ უფრო გაუსვეს ხაზი იმას, რომ შეხვედრა, შედეგის თვალსაზრისით, ნაყოფიერი არ იყო.
„ქვეყანაში ჩვენ გვაქვს ეკონომიკური სტაგნაცია და პოლიტიკური კრიზისის ნიშნები შეიმჩნევა, ამას ვერავინ უარყოფს, რადგან ფაქტია.
ყველაზე ნაკლებად ახლა ჩვენ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება გვჭირდება. დღეს ყველაფერზე ვერ შევთანხმდებოდით, რადგან ჩვენი მსოფლმხედველობები განსხვავდება, მაგრამ ორივე შევთახმდით იმაზე, რომ ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ, რომ საქართველოს უნდა გავუფრთხილდეთ, რომ ქართველ ხალს სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა და გარანტიები გრძელვადიანი განვითარების.
არც ერთ მხარეს არ გვინდა გართულება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
"მე ვარ მათ მხარეს, მიუხევადად იმისა, მომწონს ეს მინისტრი თუ არა, ან ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს თუ - არა. მთავრობას შეუძლია წყნარად იყოს. არავინ არავის არ ითხოვს.
არავის არ ვხსნი, თუმცა შეიძლება აქ ბევრი დარღვევაა და ბევრი გაუგებრობა, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ვინმეს ვათქმევინო, რომ ახლა კარგი რამის გაკეთება უნდოდათ და ხელი შევუშალეს. ნეტავი კარგი გააკეთონ. მხოლოდ მივესალმები, ორი ხელით ვარ ამის მომხრე", - დასძენს პრეზიდენტი, რომელიც სახელმწიფო კანცელარიაში საკუთარი ელექტრომობილით მივიდა.
პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს შორის შეხვედრის მთავარი თემა ის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი იყო, რომლის მიღებასაც ასე ესწრაფვის ივანიშვილი.
ცვლილებების პროექტის მიხედვით, პრეზაიდენტს აღარ ექნება უფლება, დაითხოვოს მთავრობა. ივანიშვილი პრეზიდენტს და უმცირესობას საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.
სააკაშვილი და უმცირესობის წარმომადგენელთა თქმით კი, ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ ცვლილებებს კონსტიტუციაში, თუმცა, ამისათვის საჭიროა, რომ თანამდებობის დაკარგვის გამო გამოწვეული შიშების მოხსნასთან ერთად, ივანიშვილის უმრავლესობამ ხმა მისცეს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო ვექტორის შესახებ ჩანაწერის გაკეთებას, პარლამენტის ქუთაისში დარჩენასა და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნაზე უარის თქმას.
"ჩემი სურვილია, რომ მათ მოახერხონ და დარჩნენ ღირსეული წევრები საზოგადოების. მხოლოდ ეს იყო მიზანი ჩემი შეხვედრის. თუ მომავალში საჭირო იქნება საუბარი, კიდევ მექნება, მაგრამ შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა იყოს, როგორც დღეს. საუბარი მექნება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ნებისმიერი წევრი დარჩეს ღირსეულ წევრად, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ზოგიერთ მათგანს კანონი აქვს დარღვეული", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც პრესკონფერენციის დროს აგრესიას ვერ მალავდა.
„მიხეილ სააკაშვილმა სამი საკითხი დააყენა – მედიის გათავისუფლება ზეწოლისგან, სასამართლოს გათავისუფლება ზეწოლისგან და მესამე, უნდა შეწყდეს მასობრივი ძალადობა ხალხზე. მე რამდენჯერმე შევახსენე, რომ შეხვედრა იყო მისი თხოვნით და კარგად უნდა ჩამოეყალიბებინა, რაც სურდა.
მე შევახსენე საინტერესო საკითხები, შევახსენე ჩემი ბოლო წერილი, რაზეც პასუხი ვერ გასცა ამ დროის განმავლობაში. ამაზე მითხრა, ძალიან საინტერესო რამ, რომ ჩვეულებრივი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. მერე დავუკონკრეტე, რომ როგორ ჩვეულებრივად, მთავრობას შეუძლია პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნოს ან მოხსნას? მან მიპასუხა, რომ რამდენიმე მაგალითს მოიყვანდა, თუმცა ეს ვერ შეძლო“ - განაცხადა პრემიერმა. .
"მე ვუთხარი მას და ახლაც შემიძლია, შევახსენო სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას", უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან, მთავრობას წარმოადგენენ, პრეზიდენტია საქართველოსი და ვთხოვე მათ, რომ თავი დაანებონ მხოლოდ ევროპასთან და ამერიკასთან საუბარს და მხოლოდ მათთვის საუბარს.
მე ვთხოვე და მოვუწოდე, რომ მათ ისაუბრონ ისე, რომ გასაგები და მისაღები იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის და ნუ რჩებიან ვირტუალურ სამყაროში. მან მიპასუხა, რომ ეს ჩემი აზრია და მას განსხვავებულად მიაჩნია. საუბარი იყო - ჩემი შენ გითხარი, რასაც მოვუწოდებდი სააკაშვილს, იგივეს მომიწოდებდა მეც, რომ რეალობაში მოვიდე და რეალობაში დავრჩე", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მართალია, ივანიშვილს დასცდა, სააკაშვილის მიერ მისთვის წაყენებული სამი პირობა (მედიისა და სასამართლოს ზეწოლისგან გათავისუფლება და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის შეწყვეტა) და ამით აღიარა კიდეც, რომ ეს პრობლემები რეალურად არსებობს, თუმცა, ოლიგარქს არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რა ულტიმატუმი წაუყენა მან პრეზიდენტს.
გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილმა პრეზიდენტს 19 აპრილის მიტინგის ჩაშლა და საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა მოსთხოვა. პრეზიდენტმა კი პრემიერს მიანიშნა, რომ 19 აპრილს ადამიანების შეკრება და თუნდაც პროტესტის გამოხატვა დემოკრატიული პროცესია, ხოლო, საკონსტიტუციო ცვლილებებს იმ შემთხვევაში დაუჭერდა მხარს, თუ რამდენიმე საკითხზე შეთანხმდებოდნენ: 1. პარლამენტის ქუთაისში დარჩენა. 2. ქვეყნის საგარეო ვექტორის კონსტიტუციით განსაზღვრა. 3. პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის, სასამართლოსა და მედიაზე ზეწოლის შეწყვეტა.
0