14:23:18     04-03-2013
პრეზიდენტისა და პრემიერის შეხედრის წინასწარი შეფასებები

დღის მთავარი პოლიტიკური თემა - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა. კანცცელარიაში დაგეგმილ შეხვედრამდე საათზე ნაკლები რჩება. ორი პოლიტიკური პარტიის ლიდერების შეხვედრაზე შეფასებები უკვე გააკეთეს უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმა.
პრემიერისა და პრეზიდენტის დღეს დაგეგმილი შეხვედრა დადებითად შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა, რომელმაც ჟურნალისტებს, განუცხადა, რომ საერთაშორისო გაერთიანება იმედოვნებს, რომ საქართველო შეძლებს შიდა პოლიტიკური საკითხების მშვიდობიანი გზით გადაჭრას და პროგრესს განაგრძობს,
რიჩარდ ნორლანდი: საქართველოს ყველა მეგობარი საერთაშორისო გაერთიანება ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენების მიმდინარეობას, მოხარული ვარ, რომ დაიგეგმა პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შეხვედრა. საერთაშორისო გაერთიანება იმედოვნებს, რომ საქართველო შეძლებს შიდა პოლიტიკური საკითხების მშვიდობიანი გზით გადაჭრას და პროგრესს განაგრძობს, როგორც ძლიერი და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა.
პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრას წინასწარ აფასებენ ნაცმოძრაობაშიც.
სერგო რატიანი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი შეხვედრები შედგეს. თუმცა მთავარია ეს შეხვედრა მხოლოდ შეხვედრისთვის არ ტარდებოდეს და არ იყოს მხოლოდ ვალის მოხდა. ჩემი დიდი სურვილის საზოგადოებამ დაინახოს რომ ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის მიდის თანამშრომლობა.
დავით დარჩიაშვილი: ამ შეხვედრებმა შეიძლება ვითარება განმუხტოს. როგორც ვიცი პრეზიდენტისა და საერთოდ მთელი საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან ნამდვილად არსებობს მზაობა კონსტრუქციული დიალოგისა. ჩვენ კონსტიტუციურ ცვლილებებზე აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის კობა დავითაშვილისთვის კი გაუგებარია, რა საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციების გამართვა, როცა პარლამენტში დეპუტატთა საჭირო ხმათა რაოდენობა უკვე არსებობს.
დავითაშვილი: რაში გვჭირდება კონსულტაციები პრეზიდენტთან კონსტიტუციაზე, როცა ხმათა 2/3, რაც საჭიროა წარმოდგენილი ცვლილებების მისაღებად, პარლამენტში არსებობს. დიდი ხანია გვყავს 100-ზე მეტი დეპუტატი, რომელიც პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.
დავითაშვილისგან განსხვავებით დღეს დაგეგმილ აუდიანციისგან კონკრეტულ პასუხს ელის შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. შს მინისტრი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისა და პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის შეხვედრა კონსტრუქციული იქნება. "პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის მზად არის შეხვდეს ბატონ პრეზიდენტს ნებისმიერ დროს. მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა კონსტრუქციული იქნება. ყოველ შემთხვევაში პრემიერი არის განწყობილი შესაბამისად და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის მხრიდანაც მსგავსი განწყობა იქნება. „-აცხადებს ღარიბაშვილი
სააკაშვილისა და ივანიშვილის შეხვედრა დღეს 15:00 საათზე მთავრობის კანცელარიაში სააკაშვილის ოფისში მე-11 სართულზე, პრეზიდენტის ოფისშია, დაანონსებული. როგორც „პრესა.ჯი“-ს პრეზიდენტის პრესცენტრში განუცხადეს, შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება და კადრებს მხოლოდ პრეზიდენტისა და პრემიერის პრესსამსახურების კამერები გადაიღებენ.
ცნობიოსთვის, სააკაშვილ-ივანიშვილის პირისპირ შეხვედრა წინა კვირას უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განმარტა, შეხვედრა პრეზიდენტის განრიგის გამო ვერ მოხერხდა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა მეორედ გაიმართება. პრეზიდენტმა ივანიშვილს გასული წლის 9 ოქტომბერს, პრეზიდენტის რეზიდენციაში უმასპინძლა.
0