18:19:15     01-03-2013
რატომ ახრჩობდნენ ჯაბა ლომიძეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციაში?
![a23681.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a23681.jpg)
„ნატოს“ საინფორმაციო ცენტრის ექსპერტის, პოლიციის მიერ ყაჩაღობის მოტივით დაპატიმრებული ცოტნე მამულაშვილის ბრალდების საქმე, შესაძლოა, მარტივ-მამრავლებად დაიშალოს.
ცოტნე მამულაშვილი, პოლიციამ ლომბარდის ყაჩაღობის ბრალდებით დედის, მაია ორჯონიკიძის სატალევიზიო გამოსვლიდან მალევე დააკავა.
მაშინ, ქალბატონმა მაია ორჯონიკიძემ მწვავედ გააკრიტიკა როგორც ივანიშვილი, ისე მისი მთავრობა და ზოგადად, კოალიცია. მეორე დღეს კი, მას შვილი დაუპატიმრეს.
ცოტნეს დაკავებისთანავე გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ ეს ფაქტი, ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნის ცხადი მაგალითი იყო.
დღეს, „პრესა.ჯი“-ს წარმომადგენელმა, ქალბატონ მაია ორჯონიკიძისგან სკანდალური წერილი მიიღო. წერილს სრულად გთავაზობთ, რადგან იქ საუბარია პოლიციის მიერ ადამიანთა წამებისა და იმის თაობაზე, თუ როგორ შეუთითხნეს ბრალდება ნატოს საინფორმაციო ცენტრის ექსპერტს. ვიმედოვნებთ რომ მინისტრი ღარიბაშვილი, რომელსაც თავი სამართლიან და კანონმორჩილ ადამიანად მოაქვს, ამ საკითხს შეისწავლის.
„სულ ათიოდე წუთის წინ ტელეფონით მესაუბრა უფლებადამცველი ალექს შოშიკელაშვილი, ვინც დღეს შესული იყო პატიმარ ჯაბა ლომიძესთან გლდანის ციხის საკანში და რომელიც ამ წუთამდეც ადვოკატის გარეშეა დარჩენილი.
შეგახსენებთ, რომ ჯაბა ლომიძე საქმის მიხედვით არის ის პიროვნება, რომელმაც "აღიარა"
ყაჩაღობა და ხელს ცოტნეს და მეორე ადამიანს - ლაშა ჯამბაზიშვილს ადებდა.
ჯერ კიდევ წინასაწარ სასამართლოზე, ჯაბა ლომიძემ განაცხადა, რომ მისი პირველი ჩვენებები პოლიციაში ფიზიკური ზეწოლის შედეგად იყო მიღებული, მაგრამ რატომღაც არც მოსამართლეს და არც პროკურორს მაშინ ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ და კითხვები არ გასჩენიათ!
აღმკვეთ ღონისძიებად კი ოთხივე პიროვნებას, მათ შორის ცოტნესაც - პატიმრობა შეუფარდეს. დღეს, ორი საათის წინ, ალექს შოშიკელაშვილი ესაუბრა ჯაბა ლომიძეს, რომლის მოკლე შინაარსს ახლავე გაგაცნობთ.
ჯაბა ლომიძე ჰყვება, რომ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში მიყვანისთანავე, მას დასაკითხ ოთახში დაუდეს მაგიდაზე ცოტნეს და მეორე პიროვნების - ლაშა ჯამბაზიშვილის ფოტოსურათები და უთხრეს, რომ მას უნდა დაესახელებინა ისინი, როგორც ყაჩაღობაში თანამონაწილეები.
ჯაბას უარის შემდეგ მას დაუწყეს ცემა. ჯაბა ლომიძე ცემას ითმენდა და უარზე იყო. ამის შემდეგ, დაინახეს რა რომ ცემით სასურველ ჩვენებას ვერ იღებდნენ ე.წ. ოპერატიული მუშაკები შეუდგნენ მის წამებას - ჯაბა ლომიძის თქმით, მას, სკამზე მჯდომს - ყელზე მთელი ძალით მიაჭირეს ე.წ. "დუბინკა" და დაიწყეს მისი დახრჩობა.
ჯაბა ლომიძის თქმით, ეს განმეორდა სულ ხუთჯერ, რომლის დროსაც მან რამდენჯერმე გონება დაკარგა. როგორც ჯაბა ლომიძე ამბობს, წამების ბოლოს ის ფიქრობდა, რომ ოღონდ იმ წუთას ცოცხალი გადარჩენილიყო და აუცილებლად მოჰყვებოდა ნებისმიერ სასამართლოზე, თუ რა გზით მოიპოვეს მისგან ჩვენებები პოლიციელებმა.
ამის შემდეგ, უკვე დამუშავებული ჯაბა მიუყვანეს გამომძიებელს, სადაც მან "მშვიდ გარემოში" მისცა ის ჩვენება, რომელიც ახლაც საქმეშია. ჯაბა ლომიძე აცხადებს, რომ მას ახლაც - ორი კვირის გასვლის შემდეგაც სტკივა ყელი და არანაირი ექსპერტიზა არ ჩატარებია.
უფლებადამცველ ალექს შოშიკელაშვილთან საუბარში ჯაბა ლომიძემ დაადასტურა რომ საკუთარი უფლების დასაცავად კვლავ ესაჭიროება ადვოკატი და რომ ის მზად არის სასამართლოზე მოჰყვეს სრული სიმართლე იმაზე, თუ რა ცემისა და წამების ფასად ჩამოართვეს მას შეთითხნილი ჩვენებები.
ამ წუთას ალექსი ქალაქშია საქმეებზე, მოგვიანებით ის თავად დაწერს ამ ყველაფერზე, რაც დღეს მან ციხეში ჯაბა ლომიძისგან მოისმინა.
ერთადერთი, რისიც ახლა მეშინია ისაა, რომ სანამ ჯაბას ადვოკატს აუყვანენ, არ მოხდეს მისი ან ამ საქმის სხვა მონაწილეთა ფიზიკური ლიკვიდაცია ან მათზე რაიმე სახის ზეწოლის განხორციელება ციხეში!“
0