11:34:29     27-02-2013
ექსკლუზივი: რობაქიძის საქმეში ნაპოვნი იარაღის მფლობელის სკანდალური განცხადება
![a23654.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a23654.jpg)
„პრესა.ჯი“-მ ჩაწერა გია კაშია, რომელსაც 2000 წელს ბინა გაუქურდეს და ბინიდან მისი კუთვნილი იარაღი მოპარეს. მოგვიანებით, ეს იარაღი ბუტა რობაქიძის მეგობრებს მანქანიდან ამოუღეს. საქმეს გამომძიებელი ნიქაბაძე იძიებდა. მან, გია კაშიას იარაღის გადაფორმება მოსთხოვა. „მითხრა, მომეწონა და სასწრაფოდ გადამიფორმეო. არანაირ ფულზე საუბარი არ ყოფილა. ყელში ამომივიდა მისი მოთხოვნა და გადავუფორმე“, - აცხადებს დაზარალებული გია კაშია.
გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს გია კაშიასთან
- ბატონო გია, როდის გაქურდეს თქვენი ბინა?
გია კაშია: 200 წელს გაქურდეს ბინა. სახლში სამი იარაღი მქონდა, სამივე ოფიციალურად გაფორმებული. იარაღები დიპლომატში მედო. იმ დღეს ბათუმში წავიყვანე ოჯახი და როცა დავბრუნდი სახლის კარი გატეხილი დამხვდა.
- რა იყო წაღებული?
- ასე დეტალურად აღარ მახსოვს, მაგრამ წაღებული იყო ის დიპლომატიც, რომელშიც იარაღები მქონდა. მე მაშინვე დავრეკე პოლიციაში და საქმის კურსში ჩავაყენე. მოვიდნენ პოლიციელები და შემპირდნენ, ყველაფერს გავარკვევთო. საქმეს ვაკე-საბურთალოს პოლიცია იძიებდა.
- გაირკვა ვინ გაქურდა თქვენი ბინა?
- არა, არაფერი გარკვეულა. თუმცა, ბინის გაქურდვის შემდეგ დამიბარა გამომძიებელმა...
- ნიქაბაძემ?
- დიახ.
- რატომ დაგიბარეს?
- როცა მივედი, მან იარაღი მაჩვენა და მკითხა, გეცნობაო? ვუპასუხე, რომ ეს ჩემი იარაღი იყო. მეგონა, ბინის ქურდები დააკავეს და იარაღს და მოპარულ ნივთებს დამიბრუნებდნენ.
- შემდეგ რა მოხდა?
- ნიქაბაძემ მითხრა, ეს იარაღი ჩვენ გვჭირდება, შენ წადი და როცა საჭირო გახდება დაგიკავშირდებიო. იარაღი ჩემ მეუღლეზე იყო გაფორმებული.
- დაგიკავშირდა გამომძიებელი ნიქაბაძე?
- კი, დაგვირეკა და გვითხრა, საქმე მაქვს და მოვალო. რომ მოვიდა, თქვა თქვენი იარაღი მომეწონა და გადამიფორმეთო. ყელში ამომივიდა მისი ეს მოთხოვნა და გადავუფორმეთ.
- ფული ხომ არ შემოუთავაზებია?
- არა, რა ფული, მაგაზე საუბარიც არ ყოფილა.
- რა ღიდა ის იარაღი?
- იარაღი 500 დოლარი ღირდა.
- იმ დღესვე გადაუფორმეთ?
- არა, მეორე დღეს მივედით პოლიციაში და გადავუფორმეთ. იქ მისი მეგობარიც დაგვხვდა და იარაღი იმის სახელზე გადავაფორმეთ.
- უცნაურად არ მოგეჩვენათ როცა გამომძიებელმა ნივთმტკიცების ჩუქება მოგთხოვათ?
- არ ვიცი, მეგონა ქურდები დაიჭირეს, თურმე ეს იარაღი სხვა საქმეში გამოჩენილა. მაშინ არც ვიცოდი ამის შესახებ. მომთხოვა გადაფორმება და გადავუფორმე.
- დაგკითხეს ამ საქმეზე?
- დიახ, ასე ერთი თვის წინ ვიყავი მთავარ პროკურატურაში.
- ითანამშრომლეთ?
- კი, ყველაფერი ვუთხარი, რაც ვიცოდი, მათ შორის იმ გამომძიებელ ნიქაბაძისა და იარაღის გადაფორმების შესახებაც“.
აღსანიშნავია, რომ კაშიას ბინის გაქურდვის დროს, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი, ალეკო ტაბატაძე დღეს შს მინისტრის მოადგილეა. მიუხედავად იმისა, რომ ტაბატაძის მიმართ ისმის მძიმე ბრალდებები, მათ შორის კორუფციის, ადამიანთა უკანონოდ დაკავებისა და ნარკოტიკების რეალიზაციის შესახებ, ბატონი ალეკო ღარიბაშვილის მოადგილეობას მაინც ინარჩუნებს.
და კიდევ: „პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, კაშიას ბინის გაქურდვის ფაქტზე, ალეკო ტაბატაძის განყოფილებაში სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ ყოფილა. გამოდის, რომ პოლიციამ დანაშაული დამალა. მოგვიანებით კი, იარაღი, რომელიც მოპარული იყო, ბუტა რობაქიძის მეგობრების მანქანიდან ამოიღეს. გაბედავს თუ არა, პროკურატურა ალეკო ტაბატაძის დაკითხვას ამ საქმეზე და ნიქაბაძის დაკავებას, უახლოეს დღეებში გაირკვევა.
კაშიას ეს ინტერვიუ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ცალსახად აყენებს გამომძიებელ ნიქაბაძის პასუხისმგებლობის საკითხს. პროკურატურას მოუწევს პასუხი გასცეს კითხვებს: თუ კაშიას კუთვნილი იარაღი ჩაუდეს პოლიციელებმა ბუტა რობაქიძის მეგობრებს, საკითხავია - როგორ მოხვდა მოპარული იარაღი ჯერ გამომძიებელ ნიქაბაძის, შემდეგ მისი მეგობრის და ბოლოს პატრულის ხელში?
ხოლო თუ დადგინდა, რომ პოლიციელებს ეს იარაღი რობაქიძის მეგობრებისთვის არ "მიუწერიათ", გამოძიებამ უნდა თქვას - საიდან აღმოჩნდა, მოპარული ნივთი რობაქიძის მეგობრების მანქანაში...
0