20:16:11     23-02-2013
„19 აპრილს ასჯერ მეტი ვიქნებით და ჩვენ სათქმელს ვიტყვით“

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ დღეს უმცირესობის ლიდერთა მოლოდინს გადააჭარბა. არჩეული მერის მხარდასაჭერად პოლიტიკოსებთან ერთად, რიგითი თბილისელებიც შეიკრიბნენ. ისინი, ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურ დევნას აპროტესტებდნენ.
„აქ მოვედი იმიტომ, რომ ახალი ხელისუფლება წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების ნაცვლად ადამიანებს დასდევს, პოლიტიკური მოტივით იჭერს. არჩევნების შემდეგ საქართველოში ცხოვრება მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრთა ოჯახებისთვის გახდა უკეთესი“, - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს ნანი ღოღობერიძემ, გლდანიდან.
„მე დევნილი ვარ და საკუთარ თავზე გამოვცადე ის, რომ ივანიშვილი ჩვენთვის არ ზრუნავს. გვატყუებს. მინისტრი დარახველიძე ბიზნესის კეთებითა და თავისი ოჯახის გამდიდრებითაა დაკავებული. მოიკითხეთ სად საქმიანობენ მისი ოჯახის წევრები...
მოიკითხეთ რა ხდება სამინისტროში. ახალ ხელისუფლებას საკუთარი ჯიბე აინტერესებს. ჩვენ, დევნილებს კი, დახმარებაც შეგვიწყვიტეს“, - გვითხრა მიტინგზე მყოფნა ამირან გელანტიამ.
გიგი უგულავას მხარდაჭერის მიზნით მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ პოლიტიკოსები. ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა ციხეებიდან კრიმინალთა გათავისუფლებაზე, კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებასა და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„რამდენიმე დღის წინ, კრიმინალმა, ბათუმში, პატრული სცემა. პროკურატურამ კი მისი დაკავებაც არ მოისურვა“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. მისი თქმით, ივანიშვილს 19 აპრილს დაანონსებული მიტინგის ეშინია.
გოკა გაბაშვილმა ივანიშვილის მიერ შერჩევით სამართალზე გაამახვილა ყურადღება. გაბაშვილმა განაცხადა, რომ გიგი უგულავა რიყის პარკის კეთილმოწყობისა და ადამიანების დასაქმებისათვის დასაჯეს.
დავით ბაქრაძემ პოლიციელებს შეახსენა თუ რას ეძახდნენ მათ 10 წლის წინ და როგორი ძლიერები, კარგად აღჭურვილები არიან დღეს. „ეს ვანო მერაბიშვილის დამსახურებაა“, - განაცახდა ბაქრაძემ
გია ბარამიძემ ძირითადად ქვეყნის საგარეო ორიენტაციასა და ოკუპანტ რუსეთზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველო უკან, რუსეთისკენ არასოდეს დაბრუნდება, რადგან ქვეყნის მომავალი ევროპასა და ნატოშია.
მხარდამჭერებს მიმართა დავით საყვარელიძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ გიგი უგულავა თბილისის ყველაზე წარმატებული და ღირსეული მერია. მანაც, სხვა ლიდერების მსგავსად, გამოძიების უსუსურობასა და აბსურდულ ბრალდებებზე გააკეთა აქცენტი.
თბილისის არჩეულმა მერმა მხარდამჭერებს ორჯერ, საგამოძიებო სამსახურში შესვლის წინ და იქედან გამოსვლის შემდეგ მიმართა. დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება და სიმართლე გაირკვევა. მან, მხარდაჭერისათვის ხალხს მადლობა გადაუხადა.
უნდა აღინოშნოს, რომ ხალხი უკიდურეს უკმაყოფილებას გამოხატავდა ივანიშვილის მიერ წინასაარჩევნო დაპირებების არშესრულებისა და დაშვებული შეცდომების გამოც.
„ყველამ დაინახა, რომ ივანიშვილი, რომელმაც ფული რუსეთში იშოვა და დღესაც იმ ქვეყანაზეა დამოკიდებული, ამომრჩეველს ატყუებს. ყველაფერს აკეთებეს იმისათვის, რომ თავისი ცრუ დაპირებები როგორ დაგვავიწყოს, თუმცა, ეს არ გამოუვა“, - აღნიშნა „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას თბილისელმა მარიამ მაისურაძემ.
„დღეს ბევრი ვიყავით, მაგრამ 19 აპრილს ასჯერ მეტი ვიქნებით და ჩვენ სათქმელს ვიტყვით. მთელი მსოფლიო გაიგებს ჩვენს ხმას“, - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს თემურ გელაშვილმა, ვარკეთილიდან.
0