15:42:21     22-02-2013
თენგიზ გუნავა: ამნისტირებულმა პატიმრებმა თოფით პოლიციელი დაჭრეს
ეკა ბესელიას მიერ ამნისტირებულმა პატიმრებმა საზოგადოებას ზიანი უკვე მიაყენეს. „პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა მოხდა, რა დროსაც ზუგდიდის სამმართველოს უფროსის მოადგილე დადეშქელიანი დაიჭრა.
როგორც „პრესა.ჯი“-ს სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ განუცხადა, მისი ინფორმაციით, სამი თავდამსხმელიდან ორი დაკავებულია, ერთმა კი მიმალვა მოახერხა.
თენგიზ გუნავა: „ჩემი ინფორმაციით, ამნისტირებულმა ყოფილმა პატიმრებმა ცაგურიამ, ჭითანავამ და მათმა ერთმა მეგობარმა პოლიციელი, გარაჭრილი თოფით მსუბუქად დაჭრეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აქ მნიშვნელოვანი ის გარემოებაცაა, რომ ამ ადამიანებმა ხელისუფლების წყალობით ახლახან დატოვეს საბყრობილე“.
გუნავა რეგიონში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტების გახშირებას სამინისტროს არაპროფესიონალიზმით ხსნის.
რაც შეეხება დარჩელს, როგორც ადგილობრივებმა „პრესა.ჯი“-ს უთხრეს საყოველთაო ამნისტიის შემდეგ სოფელში კრიმინალური ფაქტები გახშირდა. სოფლის მკვიდრი მწუხარებას გამოთქვამენ, რომ ქუჩურმა გარჩევებმა და ცივი იარაღის მოხმარებამ იმატა.
0