14:43:27     22-02-2013
„ასოშეიტედ პრესი“ საქართველოში დაწყებულ პოლიტიკურ დევნასა და წულუკიანზე წერს

შეერთებულ შტატებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ვიზიტს გაზეთი „ასოშეიტედ პრესი“ ეხმაურება, რომელიც წერს, რომ წულუკიანი ცდილობს დაარწმუნოს ამერიკელი ჩინოვნიკები, რომ დაკავებები საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული არ არის.
გაზეთი წერს, რომ წულუკიანის შეხვედრები ამ კვირაში იმართება იმ ფონზე, როცა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ახალი მთავრობის მიმართ, რადგან ფიქრობს, რომ ახალი ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებს.
"თეა წულუკიანი ამ კვირაში აშშ-ის მაღალჩინოსნებს ხვდება მაშინ, როდესაც ობამას ადმინისტრაცია გამოთქვამს წუხილს, რომ პრემიერ ივანიშვილის მთავრობა მართლმსაჯულების სისტემას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებს. ივანიშვილის კოალიციამ პრეზიდენტ სააკაშვილის პარტია დაამარცხა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ პოლიტიკურმა ბძროლამ, შესაძლოა, შეაჩეროს დასავლეთთან იმ ქვეყნის ინტეგრაცია, რომელიც აქამდე ამომავალი დემოკრატიის ნათელ წერტილად ითვლებოდა ყოფილ საბჭოთა სივრცეში.", - წერს ჟურნალისტი დესმონდ ბატლერი და დასძენს, რომ ახალი ხელისუფლების მიერ არჩევნების შემდეგ მალევე დაწყებულმა დევნამ, მათ შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის მიმართ, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში შეშფოთება გამოიწვია.
ობამას ადმინისტრაციისა და ევროსაბჭოს მაღალჩინოსნებმა საჯაროდ გააფრთხილეს ხელისუფლება, რომ პოლიტიკურმა დევნამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს საქართველოს სწრაფვას დასავლეთთან ინტეგრაციისკენ.