13:13:25     22-02-2013
„ივანიშვილმა არჩევნები მოიგო და გახდა დირექტორი, ამ დროს არსებობს ვიღაც, ვისაც შეუძლია ის სახლში გაუშვას“

"ხელისუფლებასა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის მოლაპარაკების პროცესს საფუძვლად უდევს ივანიშვილის დისკომფორტის გრძნობა - სააკაშვილმა სამსახურიდან არ გაუშვას",- აღნიშნული მოსაზრება ექსპერტ მიხეილ თავხელიძეს ეკუთვნის.
„პრესა.ჯი“ მას საქართველოში არსებული პოლიტიკური კლიმატის შესახებ ესაუბრა.
„პრესა.ჯი“: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის ყოფილი შენობის წინ აქციის გამართვა დააანონსა, შეძლებს თუ არა ოპოზიცია ხალხი ქუჩაში გამოყვანას?მიხეილ თავხელიძე: როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილი დარწმუნებულია, რომ 19 აპრილს „ნაციონალური მოძრაობა“ აჩვენებს, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ მან ძალები აღიდგინა. რაც შეეხება კითხვას, შეძლებს თუ არა, ოპოზიცია ხალხის მობილიზებას - ამას რუსთაველის ქუჩაზე შეკრებილი მოქალაქეების რაოდენობა აჩვენებს.
- ქართულ პოლიტიკაში მუშტების ენით საუბარი მოდაში შემოვიდა - 8 თებერვალს დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს ცხვირი გაუტეხეს, სერგო რატიანმა და კობა დავითაშვილმა ღია ეთერში ერთმანეთი სცემეს, რა ხდება?
- დღევანდელი უმრავლესობის დამახასიათებელი ნიშანია შეუწყნარებლობა პოლიტიკური ოპენენტის მიმართ. ივანიშვილის გაცხადებული სურვიალია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრეს.
რაც შეეხება 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენას, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, კოორდინირებული შეტევა უმცირესობის დეპუტატებზე. პირადად ვნახე როგორ გამეტებით ურტყამდნენ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილები, უმცირესობის წარმომადგენელს.
- უმცირესობა ირწმუნება, რომ ხელისუფლება შანტაჟის გზით ცდილობს მათი პარტიის წევრების გადაბირებას, თქვენი აზრით, შეძლებს თუ არა, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო 100 ხმის მოგროვებას?
- ივანიშვილი და "ქართული ოცნება" დარწმუნდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსი არ აქვთ. მათ ყველა მეთოდი გამოიყენეს - შანტაჟი, მუქარა, ფულის შეთავაზება დეპუტატებისთვის, მაგრამ 100 ხმის მოგროვებას ვერ მიაღწიეს, შესაბამისად, იძულებული არიან, მოლაპარაკებაზე წავიდნენ.
პრეზიდენტთან მოლაპარაკებას ივანიშვილი მხოლოდ იმიტომ დასთანხმდა, რომ არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ სააკაშვილმა პრემიერი სამსახურიდან გაუშვას. ივანიშვილი დიდი ხანია თავისი ბიზნესიმპერიის დირექტორია და არ არის მიჩვეული, რომ მასზე ზევით ვიღაც დგას, ვისაც მასზე მეტი გავლენა აქვს.
ძალიან რთულია ფსიქოლოგიურად, ადამიანმა უამრავი ფული დახარჯა.. ივანიშვილმა არჩევნები მოიგო და გახდა დირექტორი, ამ დროს კი არსებობს ვიღაც, ვისაც შეუძლია, ის სახლში გაუშვას.
- სადამდე მიიყვანს ქვეყანას ეს პიროვნული პაექრობა და ზიზღის ენით საუბარი?
- არა მგონია კობა დავითაშვილის პიროვნულმა ზიზღმა ქვეყანას რამე ავნოს ან სიკეთე მოუტანოს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს უკან დასწევს სახელმწიფოს. „ქართული ოცნების“ ბევრი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებული ბოღმითაა ნაკარნახევი.
0